თურქეთის სასამართლომ ხაშოგის მკვლელობის საქმე შეწყვიტა
7 აპრილს სტამბოლის სასამართლომ საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმე, რომელშიც 26 პირი იყო ბრალდებული, შეწყვიტა.
სასამართლოს განცხადებით, საქმე გამოსაძიებლად საუდის არაბეთის სამართალდამცავ უწყებებს გადაეცემა.
ხაშოგის მეუღლის ადვოკატის განცხადებით, საუდის არაბეთში სამართლიანი სასამართლო პროცესის გამართვა შეუძლებელია. "კრავის ბედი მგელს არ უნდა მივანდოთ", - განაცხადა დაცვის მხარემ.
სასამართლოს გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკეს საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა.
Amnesty International-მა გადაწყვეტილებას "შოკისმომგვრელი და ცალსახად პოლიტიკური" უწოდა.
თურქეთის სასამართლოში ხაშოგის მკვლელობის პროცესი 2020 წელს დაიწყო, რასაც ანკარასა და ერ-რიადს შორის ურთიერთობის გამწვავება მოჰყვა.
ჯამალ ხაშოგი 2018 წლის ოქტომბერში სტამბულში საუდის არაბეთის საკონსულოში დაქირავებული მკვლელების რაზმმა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს.
ხაშოგი ჯერ გაგუდეს, შემდეგ კი მისი გვამი დაანაწევრეს.
ამერიკული დაზვერვის თანახმად, საუდელი დისიდენტის მკვლელობის შესახებ ნებართვა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცს, მუჰამად ბინ სალმანს ჰქონდა გაცემული.
ანალიტიკოსების აზრით, თურქეთმა ხაშოგის პროცესი რეგიონში მეორე გავლენიან სუნიტურ ქვეყანასთან ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის შეწყვიტა.
სუნიტური სამყაროს ორ გავლენიან ქვეყანას ბოლო წლებში დაძაბული ურთიერთობები ჰქონდათ.
2017 წელს სპარსეთის ყურის დიპლომატიურ კრიზისში თურქეთმა კატარს დაუჭირა მხარი.
საუდის არაბეთი თურქეთს პოლიტიკური ისლამის მიმდევარი ჯგუფების წაქეზებასა და დახმარებაში სდებს ბრალს, რომლებსაც ერ-რიადი რეჟიმის სტაბილურობისთვის საფრთხედ აფასებს.