ტუსკი: ევროკავშირის ლიდერები 2 მარტს, ლონდონში თავდაცვის საკითხებს განიხილავენ

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროპელი ლიდერების ჯგუფი კვირას, 2 მარტს ლონდონში გაემგზავრება, რათა განიხილონ ერთობლივი თავდაცვისა და უსაფრთხოების გეგმები.
ამის შესახებ მან 25 თებერვალს, ევროსაბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიო კოშტასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ტუსკმა განაცხადა, რომ ევროკომისია თავდაცვის პაკეტს ამზადებს, რომლის დეტალები 6 მარტს დაგეგმილ ევროკავშირის ლიდერების სპეციალურ სამიტზე გახდება ცნობილი.
ამ შეხვედრის წინ, ტუსკმა თქვა, "კვირას ლონდონში ვიქნებით ჩვენს ბრიტანელ მეგობრებთან და ლიდერთა ჯგუფთან ერთად, რათა განვიხილოთ ეს ერთობლივი თავდაცვის გეგმები."
"იმედი მაქვს, რომ როგორც წევრი ქვეყნების, ისე მთლიანად ევროპის ეს დიდი მობილიზაცია, რაც შეეხება თავდაცვისა და უსაფრთხოების დაფინანსებას, გახდება ცალსახა ფაქტი," - ხაზგასმით აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
Bloomberg, ინფორმირებული თანამოსაუბრეებზე დაყრდნობით, წერს, რომ ბრიტანეთი განიხილავს ევროპელი ლიდერების ჯგუფის მოწვევის შესაძლებლობას რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომი მოლაპარაკებებისთვის.
მანამდე კოშტამ განაცხადა, რომ 26 თებერვალს, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას ვიდეოკონფერენციაში, რომლის დროსაც ისინი მოისმენენ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მოხსენებას შეერთებულ შტატებში ვიზიტის შესახებ.