უკრაინა: 19 ოქტომბერს ოთხი რაკეტა, ერთი Ka-52 და 13 Shahed-136 ჩამოვაგდეთ
19 ოქტომბერს უკრაინის ავიაციამ 10 დარტყმა მიაყენა რუსეთის ჯარების პოზიციებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესცენტრი ფეისბუქზე ავრცელებს.
"დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ავიაციამ 10 დარტყმა განახორციელა. დადასტურდა იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ექვსი უბნის, ასევე მტრის საზენიტო-სარაკეტო სისტემების ოთხი პოზიციის განადგურება", - ნათქვამია განცხადებაში.
საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს ოთხი ფრთოსანი რაკეტა, ერთი ვერტმფრენი Ka-52 და 13 ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი Shahed-136.
"სარაკეტო ძალებისა და არტილერიის მებრძოლებმა დაბომბეს რუსების სამი სამეთაურო პუნქტი, ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის კონცენტრაციის ოთხი ადგილი, რადიოსადგური, ერთი ხიდი და მტრის ერთი პონტონური გადასასვლელი", - აცხადებს უკრაინული მხარე.