უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი და შვედეთი - სტოლტენბერგის ბრიფინგის მთავარი აქცენტები

NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა, სადაც მინისტერიალის მთავარ საკითხებზე ილაპარაკა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, გლობალური გეოპოლიტიკური ვითარება ასეთი სახიფათო ათწლეულებია, არ ყოფილა. გენერალურ მდივანს, პირველყოვლისა, მხედველობაში ჰქონდა უკრაინაში და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტები.

ისრაელი და ჰამასი: სტოლტენბერგი მიესალმება პაუზის გახანგრძლივებას

იენს სტოლტენბერგმა საუბარი ისრაელსა და ჰამასს შორის მიმდინარე ომით დაიწყო.

NATO-ს გენერალური მდივანი მიესალმა ორ მხარეს შორის ოთხდღიან ცეცხლის შეწყვეტას, რაც ერთი მხრივ ჰამასის მიერ აყვანილი მძევლების, მეორე მხრივ კი ისრაელის ციხეებიდან პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების წინაპირობა გახდა.

სტოლტენბერგმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ დროებითი ცეცხლის შეწყვეტა წაადგა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლასაც.

ამ ფონზე, გენერალურმა მდივანმა მხარეებს პაუზის გახანგრძლივებისაკენ მოუწოდა. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, ეს რეალისტური იყოს.

უკრაინა აგრძელებს ბრძოლას, NATO კი - დახმარებას

"უკრაინის გადასაწყვეტია, ეს ომი როგორ დასრულდება. ჩვენი პასუხისმგებლობა მხოლოდ მისი დახმარებაა", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, არაფერი შეცვლილა NATO-ს წევრი ქვეყნების გეგმაში, დაეხმარონ უკრაინას იქამდე, სადამდეც საჭირო იქნება.

სტოლტენბერგის თანახმად, NATO-ს წევრები თანხმდებიან, რომ უკრაინა ალიანსის წევრი აუცილებლად გახდება. მისი თქმით, ამის დასტურია ისიც, რომ NATO-მ უკრაინის მიღების პროცედურა გაამარტივა. თუმცა იენს სტოლტენბერგი თავს იკავებს კონკრეტული ვადების დაკონკრეტებისაგან და ამბობს, რომ ჯერ ადრეა იმის თქმა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ალიანსი ვაშინგტონის სამიტზე, რომელიც 2024 წლის ივლისში გაიმართება.

გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინის პოზიცია ბრძოლის ველზე, მით უფრო ძლიერი პოზიცია ექნება მას "პოტენციურ მოლაპარაკებათა მაგიდასთან".

თუმცა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ამჟამად რუსეთისგან მშვიდობის ნიშნები არ ჩანს და პუტინი, პირიქით, ომზეა კონცენტრირებული.

ამასთან, გენერალურმა მდივანმა დასძინა, რომ რუსეთის ჩამოწერა მართებული არაა, რამდენადაც რუსული ეკონომიკა საომარ რეჟიმშია, რუსეთი იღებს შეიარაღებას ჩრდილო კორეიდან და პუტინისთვის თავისი მოქალაქეების სიცოცხლეს ფასი არ აქვს.

შვედეთი: როდის დაიძლევა ორი წინაღობა?

იენს სტოლტენბერგი შეეხო ალიანსში შვედეთის მიღების პროცესსაც, რომელიც თურქეთისა და უნგრეთის გამო ჭიანურდება.

ჯერჯერობით, მხოლოდ ამ ორ ქვეყანას არ მოუხდენია შვედეთის NATO-ში მიღების რატიფიკაცია.

ალიანსის გენერალური მდივანი მიესალმა თურქეთის პარლამენტის მიერ რატიფიკაციის პროცესის დაწყებას და მოუწოდა ორივე ქვეყანას, აღარ გააჭიანურონ ახალი მოკავშირის მიღება.

იენს სტოლტენბერგის თქმით, შვედეთმა შეასრულა ყველა პირობა, რაც ალიანსში შესასვლელად ჰქონდა დადებული. ახლა კი დროა, უნგრეთმა და თურქეთმა დროულად იმოქმედონ, რადგანაც შვედეთის NATO-ში შესვლა ალიანსს მხოლოდ გააძლიერებს.

 

მსგავსი სიახლეები