თეთრ სახლში დაიშალა ჯგუფი, რომელიც რუსეთზე წნეხის გასაძლიერებლად შეიქმნა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში დაიშალა უწყებათშორისი ჯგუფი, რომლის მიზანიც კრემლზე პოლიტიკური და ეკონომიკური წნეხის გასაზრდელად პოლიტიკის შემუშავება იყო - ჯგუფი რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და მიზნად ისახავდა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დაჩქარებას.
State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს - წყაროების ცნობით, ჯგუფის ფუნქციონირების შეწყვეტის მიზეზი პრეზიდენტის განსხვავებული მიდგომა გახდა.
- "დონალდ ტრამპი არ იყო დაინტერესებული რუსეთთან უფრო კონფრონტაციული მიდგომით"- ამბობენ წყაროები.
- არსებობდა მოლოდინი, რომ კრემლის მიერ ტრამპის სამშვიდობო წინადადებების უარყოფის შემდეგ, ამერიკელი პრეზიდენტი რუსეთის მიმართ წნეხს გაზრდიდა, თუმცა ამის ნაცვლად ტრამპა სამშვიდობო პროცესიდან ვაშინგტონის გასვლის შესახებ დაიწყო საუბარი.
- "ჯგუფის მუშაობამ აზრი დაკარგა რადგანაც პრეზიდენტი უბრალოდ არ იყო იქ, შესაძლოა მეტის ნაცვლად, მას ნაკლების გაკეთება სურდა"- ამბობს ერთ-ერთი წყარო.
Big Picture: საყურადღებოა, რომ ჯგუფის არსებობის შესახებ საჯაროდ ცნობილი აქამდე არ ყოფილა. სავარაუდოა, რომ ეს კიდევ უფრო გააღრმავებს შეერთებული შტატების ევროპელი მოკავშირეების შიშებს დონალდ ტრამპისა და კრემლის პოზიციების დაახლოებასთან დაკავშირებით.
- ეს შიშები კიდევ უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც 16 ივნისს კანადაში გამართული დიდი შვიდეული სამიტზე ჟურნალისტებთან ურთიერთობისას ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ დიდი რვიანიდან რუსეთის გარიცხვა შეცდომა იყო.
- ჯგუფის საქმიანობის გაგრძელება შეუძლებელი გახდა მაისის მიწურულს, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში მიმდინარე მასშტაბური რეფორმის ფარგლებში დაითხოვეს მთელი გუნდი, რომელის რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე მუშაობდა.
Break It Down: სპეციალური ჯგუფის ორგანიზება უსაფრთხოების საბჭოს მაღალი რანგის ჩინოვნიკების იდეა იყო - გუნდში შედიოდნენ სახელმწიფო დეპარტამენტის, ხაზინის, პენტაგონისა და დაზვერვის წარმომადგენლები.
- წყაროების ცნობით, ერთ-ერთი ლიდერი რუსეთისა და ევროპის მიმართულების წარმომადგენელი ენდრიუ პიკი იყო, რომელიც მაისში დაითხოვეს.
- უცნობია, ვინ და გაიცა თუ არა საერთოდ ჯგუფის დაშლის ოფიციალური ბრძანება - წყაროების ცნობით, უსაფრთხოების საბჭოში მიმდინარე რეფორმამ და შემცირებამ პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა მუშაობის გაგრძელება.
- მიმდინარე წლის მარტში ასევე ცნობილი გახდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს დაქვემდებარებაში მყოფი იმ სამუშაო ჯგუფების დაშლის შესახებ, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურების საბოტაჟსა და დეზინფორმაციასთან ბრძოლას გეგმავდნენ.
- რუსეთზე წნეხის გასაზრდელად უწყებათშორისი ჯგუფი დაახლოებით 3 კვირის წინ იმ დროს შეიქმნა, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციის სულ უფრო მეტი მაღალჩინოსანი რწმუნდებოდა, რომ რუსეთს არ სურს ომის დასრულება.
- საყურადღებოა, რომ ჯგუფს უნდა შეემუშავებინა პოლიტიკა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ, მათი წახალისების, ან წნეხის გაზრდის, რათა აღეკვეთათ, ან შეემცირებინათ რუსეთთან ვაჭრობა.
- ჯგუფის წევრები განიხილავდნენ სხვადასხვა მეთოდებს, თუ როგორ იქნებოდა შესაძლებელი რიგი ქვეყნების ჩამოშორება რუსეთის პოლიტიკური ორბიტიდან, მათ შორის სპეციალურ სავაჭრო შეთანხმებებს და ფარულ ოპერაციებს.
- ჯერჯერობით უცნობია, იცის თუ არა დონალდ ტრამპი აღნიშნული ჯგუფის დაშლის შესახებ.
Сontext: წყაროების ცნობით, ჯგუფის მუშაობა არ იყო დაკავშირებული სენატში წარდგენილ სანქციების პაკეტთან, რომელიც რუსული ნავთობპროდუქტების შემსყიდველებისთვის 500%-იანი საბაჟო ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.
- აქტის ავტორები ლინდსი გრემი (რესპუბლიკელი) და რიჩარდ ბლუმენტალი (დემოკრატი) არიან - სენატორების თქმით, აქტს მხარს უჭერს 80-ზე მეტი სენატორი.
- გასულ თვეებში ტრამპი არ გამორიცხავდა რუსეთის მიმართ სასანქციო წნეხის გაზრდაზე და კრემლისთვის დაწესებულ გარკვეულ დედლაინებზეც მიანიშნებდა, თუმცა ბოლო კვირებში ამერიკელი პრეზიდენტის რიტორიკა კვლავ შეიცვალა.