ბრიტანეთში მომზადება 5 ათასამდე უკრაინელმა სამხედრომ გაიარა

ბრიტანეთში უკრაინელი სამხედროების ძირითადი კომბინირებული მომზადება მიმდინარეობს. პროგრამას ოპერაცია "Interflex" ეწოდა, რომელიც უკვე 5000-მდე უკრაინელმა სამხედრომ გაიარა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ფეისბუქზე ავრცელებს.

"ამჟამად, კანადელი, ნიდერლანდელი, ახალი ზელანდიელი, უკრაინელი და ბრიტანელი ინსტრუქტორების მონაწილეობით თითქმის 5000-მა სამხედრომ წარმატებით დაასრულა წვრთნა", - ნათქვამია განცხადებაში.

ჯარისკაცებმა მიიღეს ტაქტიკური მედიცინის, საინჟინრო, სახანძრო, ფსიქოლოგიური და ტაქტიკური მომზადების ძირითადი ცოდნა, უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები, მათ შორის ქალაქებში შეტევითი და თავდაცვითი ოპერაციების ჩატარებაზე.

"ოპერაცია "Interflex" არის ჩვენი სახელმწიფოს საერთაშორისო მხარდაჭერის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი და დამაჯერებელი მტკიცებულება იმისა, რომ უკრაინა მარტო არ არის რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში", - დასძინა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა.

უკრაინული მხარის ცნობით, უახლოეს მომავალში იგეგმება ოპერაცია "Interflex"-ის გაფართოება, კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილებისა და ქვედანაყოფების უმცროსი ოფიცრების მომზადების სასწავლო კურსის დაწყება.

მსგავსი სიახლეები