უკრაინა და შვედეთი ქვეითთა საბრძოლო მანქანა CV-90-ის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ
19 აგვისტოს, შვედეთში, კიევისა და სტოკჰოლმის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას შვედური ქვეითთა საბრძოლო მანქანა CV-90-ის ერთობლივი წარმოებისა და ტექნიკური მომსახურების შესახებ.
ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"გულწრფელად მივესალმები დღევანდელ დეკლარაციას, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ მოეწერა ხელი - შვედეთისა და უკრაინის ერთობლივი სურვილია გააძლიერონ თანამშრომლობა CV-90-ის წარმოებაზე, სწავლებასა და შენარჩუნებაზე." - თქვა შვედეთის პრემიერმა.
კრისტერსონმა გაიხსენა, რომ 2022 წლის თებერვლიდან შვედეთმა უკრაინას 2.2 მილიარდი ევროს დახმარება მიაწოდა, მათ შორის ბოლო სამხედრო დახმარების პაკეტის ღირებულება 270 მილიონი ევროა.
"ნება მომეცით დაგარწმუნოთ: ჩემი მთავრობისთვის საგარეო პოლიტიკის სფეროში არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა, ვიდრე უკრაინის მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. უკრაინა იბრძვის ჩვენთვის, ყველა ევროპული დემოკრატიისთვის," - ხაზგასმით მან.
იანვარში შვედეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინას დაახლოებით 50 ქვეითთა საბრძოლო მანქანა CV-90-ს გადასცემს. მათი მიწოდება ქვეყნის პარლამენტმა თებერვალში ახალ სამხედრო დახმარების პაკეტთან ერთად დაამტკიცა.
CV-90 აღჭურვილია 40 მმ-იანი ავტომატური ქვემეხით, კვამლის ყუმბარმტყორცნითა და ტყვიამფრქვევებით. ავტომატურ ქვემეხს შეუძლია ქვეითების, ჯავშანტექნიკის და საჰაერო სამიზნეების ოთხ კილომეტრამდე მანძილზე დაზიანება.