უკრაინა ევროკავშირისგან €330 მილიონის დახმარებას მიიღებს
უკრაინა ევროკავშირისგან 330 მილიონ ევროს მიიღებს რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად და ქვეყნის სტაბილურობის გასაძლიერებლად. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერის ოფისი ავრცელებს.
შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ოლჰა სტეფანიშამ და სამეზობლო და გაფართოების ევროკომისიის დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილე კატარინა მატერნოვამ.
"გადაუდებელი დახმარების პაკეტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკრაინელების მხარდასაჭერად ომის დროს. ჩვენ ვაერთიანებთ ძალებს, რათა შევამსუბუქოთ უკრაინის მოქალაქეების ტანჯვა და გავაძლიეროთ უკრაინის გამძლეობა რუსეთის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომში", - განაცხადა მატერნოვამ.
თანხები შემდეგ მიმართულებებზე გადანაწილდება:
- იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერა;
- მცირე მეურნეობების მხარდაჭერა;
- სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერა;
- სამოქალაქო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენა;
- ენერგეტიკული მდგრადობის ამაღლება, მათ შორის, უსაფრთხოების გაძლიერება და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, მიწოდებისა და რეზერვების აღდგენა.