უკრაინა გერმანიისგან სოციალური და ჰუმანიტარული მიზნებისთვის 1 მილიარდ ევროს მიიღებს
24 ივნისს გერმანიამ და უკრაინამ ბერლინის მიერ უკრაინის საჭიროებისთვის 1 მილიარდი ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ამის შესახებ უკრაინის ფინანსთა სამინისტრომ 25 ივნისს განაცხადა.
სამინისტრომ აღნიშნა, რომ შეთანხმებას ხელი უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერჰი მარჩენკომ და გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა მოაწერეს.
საუბარია საგრანტო დაფინანსებაზე, რომლის თანხებიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ადმინისტრაციული ანგარიშის მექანიზმით გადაიგზავნება უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტში საომარი მდგომარეობის დროს პრიორიტეტული სოციალური და ჰუმანიტარული ხარჯების დასაფინანსებლად.
"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში მივიღებთ თანხებს. ეს გრანტი არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი სახელმწიფოს მხარდასაჭერად ამ რთულ პერიოდში", - განაცხადა მარჩენკომ.