უკრაინა: რუსეთმა ირანული დრონების გამოყენება ამინდის გაუარესების გამო შეწყვიტა

ამინდის გაუარესების გამო რუსეთმა ირანული დრონების გამოყენება შეწყვიტა. ამის შესახებ 4 დეკემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაურის თანაშემწე ევგენი სილკინმა ეროვნული ტელემარეთონის ეთერში განაცხადა.  

"[ირანული წარმოების] დრონები მზადდება პლასტმასისგან და მასალებისგან, რომლებიც იყინება. ამის გამო მათი გამოყენება ახლა ოდნავ შემცირდა. ამ დროისთვის მხოლოდ სასწავლო ბომბდამშენებს ვხედავთ, რომლებიც დაფრინავენ, ვარჯიშობენ ცაში საწვავის შევსებაზე და დრონებმა აქამდე შეაჩერეს თავიანთი საქმიანობა", - თქვა სილკინმა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია ამჟამად არ იყენებს ირანულ დრონებს. პარალელურად, რუსეთი ბომბდამშენების წვრთნებს ატარებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ნოემბერში რუსეთმა უკრაინაში 80 კამიკაძე დრონი გამოიყენა, უპილოტო საფრენი აპარატების 80% ჩამოაგდეს.

რუსეთი უკრაინაში ირანული უპილოტო საფრენი აპარატების სულ მცირე ორ სახეობას იყენებს - Shahed-136 კამიკაძე დრონებს და მრავალფუნქციურ დრონებს Mohajer-6. რუსებმა Shahed საკუთარ ფერებში გადახატეს და "Герань-2" დაარქვეს.

23 ნოემბერს ბრიტანულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ მათ სჯერათ, რომ რუსეთს ირანული დრონების მარაგი ამოეწურა.

მსგავსი სიახლეები