უკრაინა: რუსულმა სპეცრაზმმა მარიუპოლში ბრძოლაზე უარი თქვა
"რუსული სპეცრაზმის ნაწილმა, რომელსაც აქვს სირიაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის გამოცდილება, უარი თქვა მარიუპოლის შტურმის შემდგომ მცდელობებში მონაწილეობაზე", - ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებაში.
უკრაინის დაზვერვის თანახმად, ამ ქვედანაყოფმა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში 2 აპრილიდან 4 აპრილამდე პერიოდში "დაახლოებით 30 სამხედრო დაკარგა, ამიტომ, სპეცრაზმმა გადაწყვიტა არ გაიზიაროს მათი ბედი."
"რუსეთის ფედერაციაში სამხედრო სამსახურში შერჩევის უახლესი მონაცემები მიუთითებს, რომ არმიაში საკონტრაქტო სამსახურის მიმართ ინტერესი დაბალია. ეკატერინბურგში რეკრუტირების შედეგების შესახებ მოხსენების თანახმად, რეზერვში მყოფი მოქალაქეების 1%-ზე ნაკლები დათანხმდა ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობაზე საუბარს. 397 კანდიდატიდან გასაუბრებაზე მხოლოდ ორი დათანხმდა. 52-მა უარი თქვა, 203-მა კომისარიატს არ უპასუხა, 140 კანდიდატზე კი მუშაობა მიმდინარეობს", - აცხადებს უკრაინის დაზვერვა.
დაზვერვას ასევე აქვს ინფორმაცია, რომ "უკვე მობილიზებულთა შორისაც მოტივაცია უკიდურესად დაბალია."