უკრაინა: სოლედარისთვის მძიმე ბრძოლები გრძელდება
დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი კვლავ მძიმე ბრძოლების ადგილია რუს ოკუპანტებთან. ამ ინფორმაციას 14 იანვარს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
"მტერს ისევ აქვს დონეცკის ოლქის სრულად ოკუპაციის სურვილი. ამ მიზნით, ისინი კონცენტრირებულნი არიან ბახმუტის მიმართულებით შეტევაზე. სოლედარისთვის მძიმე ბრძოლები გრძელდება. ჩვენი ჯარისკაცები მტრის თავდასხმებს 24 საათის განმავლობაში იგერიებენ." - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინელი სამხედროები ხაზს უსვამენ, რომ ამ მიმართულებით "ოკუპანტები დიდ ზარალს განიცდიან."
"ასევე, მტერი უტევს ლიმანის, ავდეევკის და ნოვოპავლოვკის მიმართულებით. კუპიანსკის მიმართულებით ცდილობს ტაქტიკური ვითარების გაუმჯობესებას, ზაპოროჟიესა და ხერსონში კი თავს იცავს", - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა.
მისი თქმით, დამპყრობლები სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებს სხვადასხვა მიმართულებით ბომბავდნენ.