უკრაინამ დანიისგან თვითმავალი ჰაუბიცა Caesar-ები მიიღო
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ ფრანგული წარმოების Caesar-ის თვითმავალი ჰაუბიცები, რომლებიც უკრაინას დანიამ გადასცა, ქვეყანამ უკვე მიიღო.
"Caesar დანიიდან უკვე უკრაინაშია", - დაწერა რეზნიკოვმა Twitter-ზე და მადლობა გადაუხადა დანიელ ხალხს, მის თავდაცვის სამინისტროს და ფრანგ პარტნიორებს.
"დანია აპირებდა ამ სისტემების თავისი არმიისთვის გამოყენებას, მაგრამ გონივრულად და კეთილშობილურად გადაწყვიტა მათი უკრაინის არმიისთვის გადაცემა იმ მნიშვნელოვანი საფრთხის გამო, რასაც რუსეთის აგრესია მთელ ევროპას უქმნის", - წერს რეზნიკოვი.
ასევე, მან აღნიშნა, რომ დანიელი მეგობრები ჩართული არიან უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნებში.
"ჩვენმა არტილერისტებმა მაღალი შეფასება მისცეს ამ ჰაუბიცების მანევრირებას და სიზუსტეს. საფრანგეთისა და დანიის პარტნიორoბის წყალობით, უკრაინას მსოფლიოში Caesar-ების მეორე ყველაზე დიდი საარტილერიო პარკი აქვს", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
იანვარში დანიის მთავრობამ, პარლამენტის მხარდაჭერით, გადაწყვიტა უკრაინისთვის მის შეიარაღებაში არსებული 19 საარტილერიო სისტემა Caesar გადაეცა, რომელიც შეუკვეთა საფრანგეთს.