უკრაინამ ევროკომისიას ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარის პასუხები გადასცა
უკრაინამ შეავსო და ევროკომისიას განსახილველად წარუდგინა ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარის პირველი ნაწილი. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა.
როგორც ვიცე-პრემიერის პრესსამსახურში განმარტეს, კითხვარი ორი ნაწილისგან შედგება. ერთი მათგანი შეიცავს პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებს, მეორე მოიცავს უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასებას.
"უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანების შესაბამისად, ჩვენ პასუხები ერთ კვირაში მოვამზადეთ და დღეს შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი გავუგზავნეთ ევროკომისიას. მეორე ნაწილი მზად უმოკლეს ვადაში იქნება. ჩვენ გავაანალიზეთ ყველა კითხვარი, რომელიც ევროკომისიამ მიაწოდა სხვა სახელმწიფოებს. ეს დაგვეხმარა პასუხების რაც შეიძლება სწრაფად მომზადებაში", - თქვა სტეფანიშინამ.
პროცედურის მიხედვით, უკრაინიდან პასუხების მიღების შემდეგ, ევროკომისია ევროპულ საბჭოს წარუდგენს თავის მოსაზრებას, თუ როგორ შეესაბამება უკრაინა კოპენჰაგენის კრიტერიუმებს და უნდა მიენიჭოს თუ არა მას კანდიდატის სტატუსი.
ამის შემდეგ, ევროპული საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა, ევროკომისიის დასკვნაზე დაყრდნობით, უნდა მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება, მიენიჭოს თუ არა უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
უკრაინაში ევროკავშირის ელჩმა მატი მაასიკასმა Twitter-ზე გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკი მას კითხვარს გადასცემს.
სტეფანიშინა ელის, რომ ივნისში უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.