უკრაინამ GLSDB-ის ზუსტი მართვადი ბომბები შესაძლოა ოთხშაბათს მიიღოს - Politico
პენტაგონმა წარმატებით გამოსცადა ახალი, შორ მანძილზე მოქმედი ზუსტი ბომბი GLSDB, რომელიც შეიძლება უკრაინამ ოთხშაბათს, 31 იანვარს მიიღოს.
ამის შესახებ Politico ოთხ წყაროზე დაყრდნობით წერს.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა, Politico-ს განუცხადა, რომ 150 კილომეტრზე მეტ დისტანციაზე მოქმედი GLSDB "მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება უკრაინისთვის" და რუსეთის ძალების ზურგში დარტყმებს გაამარტივებს.
შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის ამ მართვადი ბომბების მიწოდება 2023 წლის თებერვალში გამოაცხადა. მაგრამ რადგან ეს არის ახალი იარაღი, რომელიც ჯერ აშშ-ს არმიასაც კი არ მიუღია, მისი მიწოდება გადაიდო და გამოცდები ამ დრომდე გრძელდებოდა.
GLSDB არის GPS-ით მართვადი ბომბი, რომელსაც შეუძლია გადალახოს ელექტრონული დაბრკოლებები და ნებისმიერ ამინდში გამოიყენება. მისი გამოყენება ასევე შეიძლება ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ.
GLSDB უკრაინულ სამხედროებს საშუალებას მისცემს სამიზნეები ორჯერ უფრო შორ მანძილზე გაანადგუროს, ვიდრე ეს აშშ-ის მიერ მიწოდებულ HIMARS-ის რაკეტებს შეუძლია და რუსეთს ლოჯისტიკური ცენტრების ფრონტის ხაზიდან კიდევ უფრო შორს გადატანას აიძულებს.
გასული წლის ბოლოს უკრაინამ აშშ-დან ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მცირე რაოდენობა მიიღო.