უკრაინამ რუსეთის საზღვართან სამხედრო წვრთნები ჩაატარა
ხუთშაბათს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აღმოსავლეთ დონეცკის რეგიონში, რუსეთის საზღვართან ახლოს, სამხედრო წვრთნები ჩაატარეს.
მანამდე უკრაინამ ანალოგიური ოპერაცია ბელარუსის საზღვართან განახორციელა.
კიევი რუსეთის მიერ საზღვრის სიახლოვეში შეიარაღებული ძალების და მძიმე ტექნიკის მობილიზებითაა შეშფოთებული.
უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვმა შესაძლოა იანვარ-თებერვალში მეზობლის ტერიტორიაზე შეჭრა სცადოს.
"კიევი კრემლის შესაკავებლად ყველაფერს გააკეთებს - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.- ვცდილობთ, პუტინს მივახვედროთ, რომ უკრაინაზე ახალი იერიშის წამოწყება ძვირი დაუჯდება“
რუსეთის სამხედრო ზრახვების შესახებ შეშფოთება გამოთქვა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და უკრაინაზე აგრესიის განახლების შემთხვევაში ევროკავშირს რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.
უკრაინას მხარდაჭერა აღუთქვა ამერიკამაც. წელს უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო შეიარაღება, მათ შორის „ჯაველინის“ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემები მიიღო.