უკრაინელი ჯარისკაცები გერმანიაში Patriot-ის სისტემებზე წვრთნებისთვის ჩავიდნენ

უკრაინელი ჯარისკაცები ამერიკულ საზენიტო-სარაკეტო სისტემა Patriot-ის სისტემებზე წვრთნებისთვის გერმანიაში ჩავიდნენ. უკრაინელი სამხედროების 70-კაციანი ჯგუფი გერმანიაში 31 იანვარს ჩავიდა და წვრთნას 2 თებერვალს დაიწყებს. ამ ინფორმაციას სააგენტო dpa ბერლინის სამართალდამცავი ორგანოების წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანიის მთავრობა, შეერთებულ შტატებთან შეთანხმებით, უკრაინას Patriot-ის მთელ ბატარეას გადასცემს, რათა უკრაინა რუსული თვითმფრინავების, რაკეტების და დრონების დარტმებისგან დაიცვას. Patriot-ის ბატარეა მოიცავს საკონტროლო ოთახს, მრავალფუნქციურ სარადარო სადგურს, ელექტრომომარაგებას, საკომუნიკაციო აღჭურვილობას და რვამდე სატვირთო მანქანაზე დამაგრებულ გამშვებს.

ამავდროულად, გერმანიიდან პოლონეთში გადატანილი Patriot-ის კომპლექსები პირველად მზადყოფნაშია მოყვანილი. ბუნდესვერი აპირებს პოლონეთის საჰაერო სივრცე Patriot-ის სამი ბატარეით დაიცვას. გერმანელი ჯარისკაცები პოლონეთში 16 იანვრიდან იმყოფებოდნენ და საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგება პოლონელ კოლეგებთან ერთად უზრუნველყვეს. ექვსთვიანი მისიის მიზანი ნატოს საჰაერო სივრცის და პოლონეთის ტერიტორიის, მისი ინფრასტრუქტურისა და მოსახლეობის დაცვაა.

გერმანიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ნოემბერში პოლონეთში, რუსული სარაკეტო თავდასხმის მოგერიებისას უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ გასროლილი რაკეტა ჩამოვარდა. მაშინ გერმანიის თავდაცვის მინისტრი ქრისტინ ლამბრეხტი და მისი პოლონელი კოლეგა მარიუშ ბლაშჩაკი გერმანული Patriot-ის კომპლექსების პოლონეთში განთავსებაზე შეთანხმდნენ.  

მსგავსი სიახლეები