უკრაინელთა 79% ნატოში გაწევრიანების მომხრეა, EU-ში გაწევრიანებას 92% ემხრობა
უკრაინის მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მომხრეა.
ამის შესახებ კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი.
კვლევის მიხედვით, უკრაინის მოსახლეობის 92% 2030 წლამდე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. ბოლოს, მიმდინარე წლის მაისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის 90% ემხრობა.
მოსახლეობის 79% ემხრობა უკრაინის გაწევრიანებას ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში. წინა კვლევაში იგივე მაჩვენებელი 73%-ს შეადგენდა.
კონტექსტი
ცოტა ხნის წინ ე.წ. დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა რუსეთთან მიერთების საკითხზე 'რეფერენდუმის' თარიღი გამოაცხადეს, რომელიც სეპარატისტების თქმით, 23-27 სექტემბერს ჩატარდება.
მალევე ე.წ. რეფერენდუმები გამოაცხადეს რუსმა კოლაბორანტებმა ოკუპირებული ხერსონისა და ზაპორიჟიის ოლქშიც.
დონეცკელი სეპარატისტების ლიდერმა, დენის პუშინილმა უკვე მიმართა ვლადიმირ პუტინს რეფერენდუმზე დადებითი შედეგის შემთხვევაში მაქსიმალურად სწრაფად განიხილოს რუსეთთან მიერთების მიმართვა.
რუსული მედიის ინფორმაციით, დღეს საღამოს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმების ჩატარების საკითხზე ვლადიმირ პუტინი სატელივიზიო მიმართვასაც გაავრცელებს.
მანამდე რუსულ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა თითქოსდა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები. ამ "კვლევების" მიხედვით, რუსეთთან მიერთებას ე.წ. დონბასის სახალხო რესპუბლიკების მოსახლეობის 93% ემხრობა.
ხოლო 24 თებერვლის შემდეგ ოკუპირებული ხერსონისა და ზაპორიჟიის ოლქში იგივე მაჩვენებელი 83 და 87%-ს შეადგენს, შესაბამისად.