უკრაინის მთავრობამ პეჩორის ლავრის ქონების მართვა სახელმწიფოს გადასცა
უკრაინის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კიევ-პეჩერსკის ლავრის ქონების მართვა სახელმწიფოს გადასცეს. ამის შესახებ Telegram-ზე 30 მარტს უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა ალექსანდრ ტკაჩენკომ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს მთავრობამ ძალადაკარგულად ცნო უკრაინის მინისტრთა კაბინეტის 2013 წლის 11 ივლისის ბრძანება №519 "უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევ-პეჩერსკის წმინდა მიძინების ლავრის შენობებისა და ნაგებობების უსასყიდლოდ გადაცემის საკითხი."
"რამდენიმე კანონიერი გადაწყვეტილებით ლავრის ქონების მართვა სახელმწიფოს გადაეცა, რადგან სწორედ სახელმწიფო ფლობს ამ ობიექტებს", - განაცხადა მინისტრმა.
კონტექსტი
2013 წლიდან, კიევ-პეჩერსკის ლავრის 79 შენობა, მინისტრთა კაბინეტის ბრძანებით, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის უფასო სარგებლობაშია.
2023 წლის 10 მარტს "კიევ-პეჩერსკის ლავრის" ეროვნულმა ნაკრძალმა გამოაცხადა, რომ 29 მარტიდან წყვეტს ხელშეკრულებას მოსკოვის საპატრიარქოსთან ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარე წმინდა მიძინების მონასტრის შენობების უფასო გამოყენებაზე. გაფრთხილება ეხება ქვედა ლავრის შენობებს, სადაც მონასტერი მდებარეობს. ზემო ლავრაში მოსკოვის საპატრიარქო იყენებდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარსა და სატრაპეზოს ეკლესიას, მაგრამ მათთვის საიჯარო ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა და არ განახლებულა.
5 იანვრიდან ეს ორი ტაძარი სახელმწიფო ადმინისტრირებას დაუბრუნდა.
30 მარტს ლავრის ტერიტორიაზე სახელმწიფო დაწესებულებაში ქონების მიღებისა და გადაცემის საკითხთა სახელმწიფო კომისიას უნდა დაეწყო მუშაობა. მანამდე ბერებს შენობა უნდა დაეტოვებინათ. თუმცა სასულიერო პირებმა კომისია ლავრის ტერიტორიაზე არ შეუშვეს.