პუტინის სიტყვა უკრაინაზე: მთავარი თეზისები

 

რუსეთის პრეზიდენტი დონეცკის და ლუჰანსკის "სახალხო რესპუბლიკების" დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ ვრცელი სიტყვით გამოვიდა.

გთავაზობთ პუტინის "უკრაინის სიტყვის" ძირითად აქცენტებს.

 

ისტორიის გაკვეთილი

 

პუტინმა გამოსვლის დიდი ნაწილი ისტორიულ ექსკურსს დაუთმო, რომელშიც უკრაინას „ბოლშევიკური რუსეთის“ ქმნილება უწოდა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, თანამედროვე უკრაინის შემომდგენლობაში „ისტორიულად რუსული“ ტერიტორიები მოხვდნენ, რომლებიც რუსეთთან ისტორიულად და კულტურად არიან დაკავშირებული.

მისი თქმით, დონბასის რეგიონი უკრაინის შემადგენლობაში ბოლშევიკებმა "ჩააკვეხეს". 

პუტინმა ვლადიმირ ლენინი უკრაინის „ავტორად და არქიტექტორად“ მოიხსენია.

„მადლიერების მიუხედავად, უკრაინელებმა ლენინის ქანდაკებების დემონტაჟი დაიწყეს...მზად ვართ, უკრაინას ვაჩვენოთ, რას ნიშნავს ნამდვილი დეკომუნიზაცია“, - განაცხადა პუტინმა.

 

"უკრაინა სახელმწიფო არ არის"

 

პუტინის თქმით, უკრაინაში „რადიკალური ნაციონალიზმი“ მოძლიერდა, რომელმაც „აგრესიული რუსოფობიის და ნეონაციზმის“ ფორმა მიიღო.

მან უკრაინელი „ნაციონალისტები და ნეონაცისტები“ ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტების დაჯგუფებებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.

„უკრაინას სახელმწიფოებრიობის განგრძობითი ისტორია არ გააჩნია“, - თქვა პუტინმა.

პუტინმა 2014 წელს უკრაინაში დემოკრატიულ მოვლენებს და „ევრომაიდნის“ პროტესტს დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი რადიკალი ნაციონალისტების ორგანიზებული უწოდა.

„რადიკალებმა, რომლებიც უკრაინაში ხელისუფლებაში მოვიდნენ, ტერორი მოაწყვეს...მოხდა მკვლელობების წყება, რომლებიც დაუსჯელი დარჩა...ხალხს ოდესაში მხეცურად კლავდნენ. დამნაშავეები არ დაუსჯიათ, თუმცა ჩვენ ყველა მათგანის სახელი ვიცით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისინი დავსაჯოთ“, - დაიმუქრა პუტინმა. 

 

რუსეთისთვის სასიცოცხლო საფრთხე

 

რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტის ბუდაპეშტის მემორანდუმის ანულირების შესახებ განცხადება ახსენა, რომლის ძალითაც დამოუკიდებელმა უკრაინამ ბირთვულ არსენალზე თქვა უარი - სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის გარანტიის სანაცვლოდ. პუტინის განცხადებით, უკრაინამ შესაძლოა ბირთვული შეიარაღების განვითარება დაისახოს მიზნად, რისი მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობა მას - საბჭოთა მემკვიდრეობიდან გამომდინარე - გააჩნია.

პუტინის განცხადებით, უკრაინის ნატოში გაწევრიანება რუსეთისთვის არსებით საფრთხეს წარმოადგენს და ის, რომ უკრაინა ალიანსში შესაძლოა „არა ახლა, არამედ მოგვიანებით მიიღონ“, რუსეთისთვის არაფერს არ ცვლის. 

ახლდება 

 

მსგავსი სიახლეები