უკრაინის თავდაცვის მინისტრს საზღვარგარეთ მყოფი უკრაინელების მობილიზება სურს
გერმანიასა და სხვა ქვეყნებში მცხოვრები 25-60 წლის უკრაინელი მამაკაცები მომავალ წელს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო რეკრუტირების ცენტრებში უნდა გამოცხადდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ სანქციები იქნება.
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა WELT TV-სთან ინტერვიუში განაცხადა.
Welt-ის ცნობით, გერმანიაში მცხოვრებმა და სამხედრო სამსახურის ასაკის უკრაინელებმა მომავალ წელს უკრაინის არმია უნდა გააძლიერონ. თავდაცვის მინისტრმა გამოცემასთან აღნიშნა, რომ გამოუცხადებლობის შემთხვევაში უკრაინის მოქალაქეებს სანქციები დაუწესდებათ.
"ჩვენ ჯერ კიდევ განვიხილავთ, რა მოხდება, თუ ისინი ნებაყოფლობით არ გამოცხადდებიან." - თქვა მან.
გამოცემა წერს, რომ უკრაინელ სამხედროებს კიდევ 450 000-დან 500 000-მდე ჯარისკაცის მობილიზება სურთ. მაგრამ ამ ნაბიჯის ფინანსური და პოლიტიკური პირობები ჯერ დაზუსტებული არ არის. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მობილიზაციას "სენსიტიური საკითხი" უწოდა.
უმეროვმა თქვა, რომ სამართლიანობა მნიშვნელოვანია. სამომავლოდ დაინტერესებულ პირებს წინასწარ უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ როგორ გაივლიან წვრთნას და აღჭურვას, სად და როდის იმსახურებენ და როდის დაასრულებენ სამსახურს.
Welt წერს, რომ აკრძალვის მიუხედავად, ბევრი უკრაინელი მამაკაცი გაიქცა საზღვარგარეთ გაწვევის თავიდან ასაცილებლად.
ამავდროულად, რუსები აძლიერებენ სახმელეთო შეტევის ტემპს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში.