უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატი ომში დაიღუპა
რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატი ოლეგ ბარნა დაიღუპა. ამ ინფორმაციას ტავრის მიმართულების თავდაცვის ძალების ერთობლივი პრესცენტრის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ალექსეი დმიტრაშკოვსკი და უკრაინის ექს-პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ავრცელებენ.
"უკომპრომისო, ზოგჯერ რადიკალური და იმპულსური, მაგრამ გულწრფელი, პირდაპირი და მამაცი. ასეთი იყო ოლეგ ბარნა, არის და, იმედია, დარჩება. და დღეს მისი დაბადების დღეა. კვირადან ორშაბათამდე ოლეგმა აღდგომა მოგვილოცა მე და მარინას. ბრიგადა ამჟამად ოლეგის გარდაცვალებას არ ადასტურებს და ცხედარი არავის უნახავს. მოდით დაველოდოთ და გვჯეროდეს საუკეთესოსი, რომ ოლეგი ცოცხალია." - წერს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.
ბარნა ღირსების რევოლუციის აქტიური მონაწილე იყო. 2014 წლის 18 თებერვალს ის მარიინსკის პარკში დაპირისპირების დროს მძიმედ დაშავდა. დონბასში ომის დაწყების შემდეგ კი ის მოხალისედ საბრძოლველად წავიდა.
2014 წელს ოლეგ ბარნამ "პეტრო პოროშენკოს ბლოკის" სახელით ტერნოპოლის რეგიონის მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვა.
ერთ-ერთი საპარლამენტო გამოსვლისას მან ტრიბუნიდან განაცხადა: "Путин - х*йло."
2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის პირველი დღიდან ბარნა ფრონტზე მოხალისედ იბრძოდა.