ულტრამემარჯვენეები ევროპარლამენტის კომიტეტების თავმდჯომარეებად არ აირჩიეს
ევროპარლამენტის ულტრამემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლებმა სამშაბათს, 23 ივლისს, კენჭისყრის დროს ვერ მოიპოვეს კომიტეტების თავმჯდომარის პოზიციები.
ამის შესახებ Euractiv წერს.
ევროპარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარების არჩევა იყო ორგანოს დღის წესრიგის ბოლო პუნქტი, სანამ ის ერთთვიან შესვენებაში გავიდოდა.
ევროპარლამენტის 24 კომიტეტიდან და ქვეკომიტეტიდან არცერთში არ აირჩიეს თავმჯდომარის ან მოადგილის თანამდებობაზე ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფების - "პატრიოტები ევროპისთვის" და "სუვერენული ერების" წარმომადგენლები.
"ევროპელმა კონსერვატორებმა და რეფორმისტებმა" (ECR) მიიღეს სამი თავმჯდომარის და ათი თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბიუჯეტო და სოფლის მეურნეობის კომიტეტები.
"პატრიოტები ევროპისთვის" ვიცე-პრეზიდენტმა, ორბანის Fidesz-ის წარმომადგენელმა, კინგა გალმა აღშფოთება გამოთქვა თანამდებობების განაწილების გამო და განაცხადა, რომ ყველაზე დიდი ჯგუფი, "ევროპის სახალხო პარტია," არ არის მზად მიიღოს დემოკრატიული არჩევნების შედეგები და ვერ ეთანხმება იმ ფაქტს, რომ "პატრიოტები" სიდიდით მესამე ჯგუფია.
კომიტეტის თავმჯდომარეები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ევროპარლამენტში, რადგან ისინი ადგენენ კომიტეტის დღის წესრიგს, უძღვებიან შეხვედრებს და აწარმოებენ მოლაპარაკებებს საბჭოსთან და ევროკომისიასთან.
გასულ კვირას, ულტრამემარჯვენეებმა ასევე ვერ მოახერხეს თავიანთი წარმომადგენლების არჩევა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტების თანამდებობებზე.