უნგრეთის პრეზიდენტი პედოფილიის საქმეზე ბრალდებულის შეწყალების შემდეგ გადადგა
10 თებერვალს უნგრეთის პრეზიდენტმა კატალინ ნოვაკმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. მისი განცხადება სახელმწიფოს მეთაურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
პრეზიდენტმა განმარტა, რომ თანამდებობას ტოვებს, რადგან მან შეიწყალა ბავშვთა სახლის დირექტორის ყოფილი მოადგილე, რომელიც მსჯავრდებულია ბიჭებზე სექსუალური ძალადობის საქმეზე.
2018 წელს სასამართლომ მას სამი წლითა და ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მისი უფროსის, ბავშვთა სახლის დირექტორის ქმედებების დაფარვისთვის, რომელიც პირდაპირ იყო ნასამართლევი სექსუალურ შევიწროებასა და ბავშვზე ძალადობაში. დირექტორის მოადგილე ცდილობდა ზეწოლა მოეხდინა ბავშვებზე, რათა მათ ცრუ ჩვენება მიეცათ.
ჯერ კიდევ 2023 წლის აპრილში, ნოვაკმა რომის პაპ ფრანცისკეს უნგრეთში ვიზიტის წინ 20 ადამიანი შეიწყალა. 2024 წლის თებერვლის დასაწყისში, 444.hu-მ სასამართლო დოკუმენტებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ამნისტირებულთაგან ერთ-ერთი იყო ბავშვთა სახლის დირექტორის მოადგილე, რომელიც ფიგურირებდა ბავშვებზე სექსუალური ძალადობის საქმეში.
ამან უნგრეთში საზოგადოების პროტესტი გამოიწვია, აქციის მონაწილეები პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვდნენ.
გადადგომის გამოცხადებისას ნოვაკმა აღიარა, რომ "შეცდა." მისი თქმით, მან მიიღო გადაწყვეტილება შეწყალების შესახებ, "მიაჩნია, რომ მსჯავრდებულმა ბოროტად არ გამოიყენა მისთვის მინდობილი ბავშვების დაუცველობა." ამავე დროს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავად "არასოდეს აპატიებს არავის, ვინც ბავშვებს ფიზიკურ ან მორალურ ძალადობას ექვემდებარება."