ვაიმარის სამკუთხედი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეცვალოს თავისი ქმედებები
10 ოქტომბერს ვაიმარის სამკუთხედის წევრი ქვეყნების, გერმანიის, საფრანგეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს შესახებ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.
ვაიმარის სამკუთხედის მინისტრებმა ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ თავის მხარდაჭერას და გვერდში დგომას კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს.
განცხადების თანახმად, სამივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს მთავრობას მიმდინარე ქმედებების ცვლილებისკენ მოუწოდებენ. მინისტრების თქმით, ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობა საფრთხის ქვეშ დგას.
"ჩვენ ვგმობთ საქართველოს მთავრობის იმ ქმედებებს, რამაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივად შეჩერება გამოიწვია. 27 ივნისს ამის შესახებ ევროპულმა საბჭომ გამოაცხადა, რომელიც ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებს წარმოადგენს.
ამის შემდეგ ნეგატიური ტენდენციები მხოლოდ გაუარესდა: რეპრესიების შემაშფოთებელი მუქარით, ახლახან მიღებული იმ საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლებიც ზღუდავს LGBT+ ადამიანების უფლებებს, თავდასხმებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე და ე.წ. "გამჭვირვალობის კანონის" ძალაში შესვლით, რომელიც სტიგმას ადებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ და მათ უცხო ძალების ინტერესების გამტარ ორგანიზაციებს არქმევს.
ამასთან ერთად, ჩვენ ვამჩნევთ ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიმართ აგრესიული რიტორიკის გაძლიერებას. ევროკავშირი არ მოითმენს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ევროპული პოზიციებისა და პოლიტიკის შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელებას". - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ხაზი გაესვა მომავალი საპარლამენტო არჩევნების თავისუფალი და სამართლიანი ჩატარების მნიშვნელობას.
"ჩვენ მოველით საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ იგი უზრუნველყოფს მოახლოებული არჩევნების სამართლიან და თავისუფალ ჩატარებას. მოველით, რომ იქნება დაცული ეუთო/ODIHR-ის რეკომენდაციები, მათ შორის, საარჩევნო კამპანიების თავისუფლად და უსაფრთხოდ წარმართვა". - წერია განცხადებაში.
ვაიმარის ქვეყნების წარმომადგენლების თქმით, მათ იმედი აქვთ, რომ საქართველო პრიორიტეტული რეფორმების განხორციელების ვალდებულებას თავისთავზე კვლავ აიღებს:
"ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ევროპული მომავლის გზაზე ქართული საზოგადოების მხარდაჭერა. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში განმტკიცებასა და მხარდაჭერას".- წერენ პოლონეთის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.