ვოლოდინი: ევროგაერთიანება კრახს განიცდის
რუსეთის დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი ევროკავშირის რეფორმირების შესახებ გავრცელებულ იდეებს გამოეხმაურა. ვოლოდინის თქმით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების აზრს ამიერიდან აღარ გაითვალისწინებენ.
"ევროგაერთიანება კრახს განიცდის", - წერს ვოლოდინი საკუთარ ტელეგრამ-არხზე.
დუმის სპიკერის თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხმა აჩვენა, რომ ევროკავშირში ამ საკითხზე ერთობა არ არსებობს. აქედან გამომდინარე ევროკავშირის ხელმძღვანელობას წლების განმავლობაში მოქმედი პრინციპზე უარის თქმა მოუწევთ.
"ხმის უფლებას დაკარგავს მილიონობით ევროპელი და მათი სახელმწიფოები საბოლოოდ დაკარგავენ სუვერენიტეტს", - წერს ვოლოდინი.
დუმის სპიკერი ამაზე არ ჩერდება და ევროპელებს ამ რთული მდგომარეობიდან სუვერენიტეტის შენარჩუნების თავის ვერსიას სთავაზობს:
"თუ კი ევროკავშირში შემავალ სახელმწიფოებს შეინარჩუნონ სუვერენიტეტი და დაიცვან თავიანთი მოქალაქეების ინტერესები, მათ მხოლოდ ერთი გზა აქვთ - გამოვიდნენ ევროკავშირიდან".