WSJ: ისრაელი ირანში თავდაცვით ქარხანაზე თავდასხმაში მონაწილეობდა

შეერთებული შტატები და "მესამე ქვეყანა" მონაწილეობენ ისპაანში, თეირანიდან სამხრეთით 340 კილომეტრში, ირანში, სამხედრო ქარხანაზე დრონით თავდასხმაში. ამის შესახებ 29 იანვარს, Twitter-ზე Clash Report მიკრობლოგმა დაწერა, რომელიც სპეციალიზირებულია ოპერაციულ ამბებზე, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დაფუძნებული არაბულენოვანი საინფორმაციო არხის, Al-Arabiya-ს წყაროებზე დაყრდნობით.

იმავდროულად, ამერიკულმა გაზეთმა The Wall Street Journal-მა (WSJ), ამერიკელ ოფიციალურ პირებსა და ოპერაციის შესახებ ინფორმირებულ ადამიანებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ირანში თავდაცვით კომპლექსზე თავდასხმა ისრაელის მიერ აშშ-სთან ერთად განხორციელდა, რაც ისლამური რესპუბლიკის ბირთვული და სამხედრო ამბიციების დასუსტების კამპანიის ნაწილი იყო.

ირანის თავდაცვის სამინისტროს ობიექტზე შეიძლება ბალისტიკური რაკეტების საწყობი ყოფილიყო. ირანის თავდაცვის სამინისტრომ მომხდარს "წარუმატებელი თავდასხმა" უწოდა და პასუხისმგებლობა კონკრეტულ ქვეყანას ან ჯგუფს არ დააკისრა. ირანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ერთ-ერთი დრონი ჩამოაგდეს, ხოლო დანარჩენი ორი თავდაცვით ხაფანგში მოხვდა, რამაც მხოლოდ "მცირე დაზიანება" გამოიწვია.

აფეთქება ასევე მოხდა საავტომობილო ზეთის ქარხანაში, აზარშაჰრში, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით. Al-Arabiya-ს ცნობით, აფეთქებები ასევე დაფიქსირდა რაშტში (გილანის პროვინცია) და თეირანში, მაგრამ ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

ისპაანის დარტყმა იყო პირველი ცნობილი თავდასხმა, რომელიც სავარაუდოდ ისრაელის მიერ ახალი, მემარჯვენე კოალიციური მთავრობის დროს, პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს მეთაურობით განხორციელდა. WSJ წერს, რომ სწორედ მისი მმართველობის დროს (2009-21 წლებში) ატარებდა ისრაელი ირანში მსგავს ოპერაციებს.

CIA-ს დირექტორი ისრაელში იმყოფებოდა

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი უილიამ ბერნსი ისრაელს გასულ კვირას გაუცხადებელი ვიზიტით ეწვია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კი ისრაელში 30 იანვარს ჩავა, რათა გააგრძელოს აშშ-ისრაელის მოლაპარაკებები ირანსა და სხვა რეგიონულ საკითხებზე.

The Times of Israel წერს, რომ თავდასხმებამდე რამდენიმე საათით ადრე, ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ქვეყანა "ამაღამ" გადადგამს "რამდენიმე დაუყოვნებლივ ნაბიჯს" ტერორიზმთან საბრძოლველად.

ნეთანიაჰუს განცხადება იერუსალიმში 27 იანვრის საღამოს და 28 იანვრის დილით განხორციელებულ ტერაქტებზე რეაქცია იყო - ერთ შემთხვევაში მამაკაცმა სინაგოგაში გახსნა ცეცხლი, მეორე თავდსხმისას კი 13 წლის პალესტინელმა აღმოსავლეთ იერუსალიმში გამვლელებს ესროლა.

Arab48-ის ცნობით, პალესტინის ისლამისტურმა მოძრაობა "ჰამასმა" თავდასხმებს 26 იანვარს, ჯენინში, ისრაელის სამართალდამცავების სპეცოპერაციაზე "ბუნებრივი პასუხი" უწოდა.

მსგავსი სიახლეები