რა ვიცით ირანში სამხედრო ობიექტებზე დრონების თავდასხმაზე

28 იანვარს ირანში, გვიან საღამოს, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მდებარე ობიექტებზე აფეთქებების სერია მოხდა.

აფეთქებები დადასტურდა ირანის თავდაცვის სამინისტროს მინიმუმ ერთ ობიექტზე ისპაანში და ნავთობგადამამუშავებელ საწარმოზე, თავრიზის პროვინციაში. აფეთქბიდან ცოტა ხანში პროვინციაში 5.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ირანის თავდაცვის სამინისტროში დაადასტურეს ისპაანში მომხდარი აფეთქება და თქვეს, რომ თავდასხმა დრონებით განხორციელდა. უწყების ცნობით, თავდასხმა 3 დრონით მოხდა, თუმცა 2 დრონის განეიტრალება ჰაერშივე მოხდა. სამინისტროს თქმით, დაზიანებები უმნიშვნელოა.

სამინისტრო ამტკიცებს, რომ "დრონების გამოყენებით წარუმატებელი თავდასხმის" შედეგად ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, ხოლო ორი სხვა თავდაცვით ხაფანგში მოხვდა, რამაც მხოლოდ "მცირე დაზიანება მიაყენა სახელოსნოს სახურავს."

Al Arabiya იუწყება, რომ გარდა ამ შემთხვევებისა, აფეთქებები მოხდა ქალაქ რაშტში, გილანის პროვინაციასა, ასევე თეირანში, მაგრამ ხელისუფლება ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

თავდასხმის ეს კადრები, ისევე როგორც შედეგების კადრები, რომლებიც The Associated Press-ის მიერ არის გაანალიზებული, შეესაბამება ჩრდილო-დასავლეთ ისპაჰანში მინოს ქუჩაზე მდებარე ადგილს, რომელიც სავაჭრო ცენტრთან მდებარეობს.

ირანის თავდაცვითი და ატომური ობიექტები სულ უფრო და უფრო მეტად არიან გარშემორტყმული კომერციული ობიექტებით და საცხოვრებელი უბნებით, რადგან ქვეყნის ქალაქები სულ უფრო იზრდებიან. ზოგიერთ ლოკაციაზე მდებარე შენობა გაუმჭვირვალეა და უცნობია რას აწარმოებენ იმ ადგილას. ასეთ საწარმოებს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს ან რევოლუციის გუშაგთა გვარდიის ლოგო აქვს.

ირანის თავდაცვის სამინისტრომ თავდასხმის ადგილს მხოლოდ "სახელოსნო" უწოდა და არ დაუკონკრეტებია, რა მზადდებოდა ამ ლოკაციაზე. ისპაანში, თეირანის სამხრეთით დაახლოებით 350 კილომეტრში, მდებარეობს ამერიკული წარმოების F-14 გამანადგურებლების საჰაერო ბაზა და მისი ბირთვული საწვავის კვლევისა და წარმოების ცენტრი.

ცალკე, ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ ინდუსტრიულ ზონაში, ქალაქ თავრიზის ჩრდილო-დასავლეთით ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ტელევიზიის განცხადებით, ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ უცნობია.

ისრაელის პასუხი იერუსლამში თავდასხმებზე

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, მაგრამ Al Arabiya ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს თავდასხმები ისრაელის სპეცოპერაციის ნაწილი იყო.

The Times of Israel-ის ცნობით, დრონებით თავდასხმებამდე რამდენიმე საათით ადრე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ "ამაღამ" ქვეყანა გადადგამს "რამდენიმე დაუყოვნებლივ ნაბიჯს", რომელიც მიზნად ისახავს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას.

ნეთანიაჰუს განცხადება იერუსალიმში 27 იანვრის საღამოს და 28 იანვრის დილით განხორციელებულ ტერაქტებზე რეაქცია იყო - ერთ შემთხვევაში მამაკაცმა სინაგოგაში გახსნა ცეცხლი, მეორე თავდსხმისას კი 13 წლის პალესტინელმა აღმოსავლეთ იერუსალიმში გამვლელებს ესროლა.

Arab48-ის ცნობით, პალესტინის ისლამისტურმა მოძრაობა "ჰამასმა" თავდასხმებს 26 იანვარს, ჯენინში, ისრაელის სამართალდამცავების სპეცოპერაციაზე "ბუნებრივი პასუხი" უწოდა.

უახლეს წარსულში ირანში მომხდარი თავდასხმები

ირანი და ისრაელი დიდი ხანია ფარულ ომს აწარმოებენ, რომელიც მოიცავს თავდასხმებს ირანის სამხედრო და ბირთვულ ობიექტებზე.

გასულ წელს ირანმა განაცხადა, რომ დაიღუპა ინჟინერი და დაიჭრა კიდევ ერთი თანამშრომელი ფარჩინის სამხედრო და იარაღის განვითარების ბაზაზე აუხსნელი თავდსხმის შედეგად, დედაქალაქ თეირანის აღმოსავლეთით. ირანის თავდაცვის სამინისტრომ მომხდარს უბედური შემთხვევა უწოდა, დამატებითი დეტალების დაკონკრეტების გარეშე.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ პარჩინში განთავსებულ სამხედრო ბაზაზე ირანმა შესაძლოა ჩაატარა ასაფეთქებელი გამშვებების ტესტები, რომლებიც შეიძლება ბირთვულ იარაღში გამოიყენონ.

2021 წლის აპრილში ირანმა ისრაელი დაადანაშაულა მის მიწისქვეშა ნათანცის ბირთვულ ობიექტზე თავდასხმაში, რამაც მისი ცენტრიფუგები დააზიანა.

ისრაელს არ აუღია პასუხისმგებლობა თავდასხმაზე, მაგრამ ისრაელის მედია აქტიურად წერდა, რომ ქვეყანამ მოაწყო დამანგრეველი კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია ატომური სადგურის გათიშვა. ისრაელის ოფიციალური პირები იშვიათად აღიარებენ ოპერაციებს, რომლებსაც ქვეყნის საიდუმლო სამხედრო ქვედანაყოფები ან მისი სადაზვერვო სააგენტო "მოსადი" ახორციელებენ.

2020 წელს ირანმა ისრაელი დაადანაშაულა თავდასხმაში, რომლის შედეგადაც მისი წამყვანი ბირთვული მეცნიერი მოკვდა.

მსგავსი სიახლეები