WSJ: მოსკოვში ვიზიტის შემდეგ სი ძინფინგი საუბარს გამართავს ზელენსკისთან
მოსკოვში ვიზიტის დასრულების შემდეგ, სი ძინფინგი საუბარს გამართავს ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ეს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩინეთისა და უკრაინის ლიდერების პირველი საუბარი იქნება.
ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდობით Wall Street Journal ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, სი ძინფინგი მოსკოვს მომდევნო კვირას ესტუმრება. არსებული ცნობებით სი ძინფინგისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართება. გამოცემის ცნობით, სი ძინფინგი შესაძლოა სხვა ევროპულ სახელმწიფოებსაც ეწვიოს, თუმცა ამგვარი გეგმა ჯერჯერობით არ დადასტურებულა.
კონტექსტი
ზელენსკისა და სი ძინფინგის საუბარი კონფლიქტში ჩინეთის ჩართულობის ახალი თავის მომასწავებელი იქნება - 24 თებერვალს ჩინეთმა წარმოადგინა ე.წ. სამშვიდობო გეგმა, რომელსაც დასავლეთში სკეპტიკურად შეხვდნენ.
ამავდროულად კომენტატორების აზრით, ჩინეთი ცდილობს გაიუმჯობესოს გლობალური მშვიდობისმყოფელის იმიჯი - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩინეთის წარმატებული მედიაციის შედეგად ირანი და საუდის არაბეთი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინეთი პირდაპირ ჩაერთო ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ დაპირისპირებებში. 2000-იანი წლების დასაწყისში ჩინეთის ინიციტიავით შეიქმნა დიპლომატიური ფორმატი, რომლის მიზანიც ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის მოგვარება იყო. ფორმატი, რომელშიც აშშ-ც მონაწილეობდა 2008 წელს წარუმატებლად დასრულდა.
თავის მხრივ უკრაინის პოლიტიკური ლიდერები გასული წლის განმავლობაში ამბობდნენ, რომ მათ არაერთხელ სცადეს სი ძინფინგისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის ორგანიზება, თუმცა ჩინურმა მხარემ დაინტერესება არ გამოიჩინა.
თებერვალში ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გამოთქვა სი ძინფინგთან შეხვედრის მზაობა და იმედი, რომ ჩინეთი რუსეთს არ გაუწევს სამხედრო დახმარებას.
ზელენსკისა და სი ძინფინგს შორის ბოლო სატელეფონო საუბარი რუსეთის შეჭრამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე, 2 ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეზე გაიმართა.
ომის დაწყებამდე ჩინეთი უკრაინის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო - ჩინეთის მიერ იმპორტირებული ხორბლის 30% სწორედ უკრაინაზე მოდიოდა. ომის დაწყების შემდეგ ჩინეთსა და უკრიანას შორის ვაჭრობის მოცულობა 60%-ით შემცირდა.