ზალუჟნი ოლენოვკას ტერაქტზე: ჩვენ შურს ვიძიებთ ყველა დაღუპულისა და დასახიჩრებულისთვის

უკრაინაში რუსების მიერ ჩადენილ დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს. ამ სიტყვებით გამოეხმაურა ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ოლენივკას კოლონიაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების დაღუპვას.

"რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. სისასტიკე, რომელსაც რუსები სჩადიან ჩვენი სამხედრო ტყვეების მიმართ, აღმაშფოთებელია. ჩვენ შურს ვიძიებთ ყველა გარდაცვლილი თუ დასახიჩრებული ძმისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

ზალუჟნიმ თქვა, რომ უკრაინის არმია, რუსი სამხედრო დამნაშავეებისგან განსხვავებით, ემორჩილება საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონებს.

მაგრამ ამავე დროს, მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ყველაფერს გააკეთებს, რომ უკრაინელი სამხედროების და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ავტორები დაისაჯონ.

"ამ დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს. იცოდეთ, მტრებო, დედამიწაზე ადგილი არ გექნებათ", - შეაჯამა მთავარსარდალმა.

29 ივლისს დამპყრობლებმა ოლენივკაში მყოფი 47 უკრაინელი სამხედროს დაღუპვის შესახებ განაცხადეს, 70-ზე მეტი, მათივე განცხადებით, დაშავდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ოლენივკაში მდებარე კოლონია სამიზნე იყო, რომელსაც რუსებმა განზრახ ესროლეს. ამ გზით ოკუპანტები ცდილობდნენ დაემალათ პატიმრების წამება და სიკვდილით დასჯა, რომელიც იქ საოკუპაციო ადმინისტრაციის და რუსეთის ფედერაციის ბრძანებით ხორციელდებოდა.

უკრანული მხარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მათ ოლენივკა არ დაუბომბავთ.

მსგავსი სიახლეები