ზარიფი: აშშ მზადაა ირანისთვის დაწესებული თითქმის ყველა სანქცია გააუქმოს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ჯავად ზარიფმა მეჯლისს აშშ-სთან მიმდინარე ბირთვული მოლაპარაკებების საკითხზე ვრცელი ანგარიში წარუდგინა. ზარიფის მტკიცებით, 2015 წლის შეთანხმების აღდგენის მიზნით ბაიდენის ადმინისტრაციაა მზადაა გააუქმოს ირანისთვის დაწესებული თითქმის ყველა სანქცია.
ზარიფის ანგარიშში საუბარია საკითხებზე, რომელიც მედიისთვის აქამდე გასაიდუმლოებულად რჩებოდა. ანგარიში ამ დროისთვის ყველაზე დეტალური დოკუმენტია, რომელიც ირანულმა მხარემ ბირთვულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით წარმოადგინა.
ირანში დოკუმენტს ბევრი აღიქვამს არამხოლოდ როგორც ანგარიშს, არამედ ზარიფის ერთგვარ ანდერძად ახალი კონსერვატორული მთავრობისთვის.
ზარიფის ანგარიშთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გამოცემა Axios-სთან საუბარში განაცხადა, რომ ირანული მხარისთვის სანქციების მოხსნის საკითხი მოლაპარაკებების პროცესში პრიორიტეტული იყო, თუმცა მხარეებს შორის საკითხზე საბოლოო შეთანხმება ამ დრომდე არ არის მიღწეული.
რას თმობს აშშ?
ზარიფის მტკიცებით, ბაიდენის ადმინისტრაცია მზადაა მოხსნას არამხოლოდ ის სანქციები, რომელიც აშშ-მ ირანს 2018 წელს ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის მომენტში დაუწესა, არამედ ის სანქციებიც, რომელიც ირანს მოგვიანებით, ტრამპის მიერ ინიცირებული "მაქსიმალური წნეხის სტრატეგიის" დროს დაუწესდა.
მათ შორის ზარიფის ანგარიშში ნათქვამია, რომ ამერიკული მხარე მზადაა გააუქმოს აქტი, რომლითაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხდდა. ზარიფის მტკიცებით აშშ ასევე, მზადაა გააუქმოს ირანის უმაღლესი ლიდერისთვის აიათოლა ალი ხამინეისთვის დაწესებული სანქციებიც.
ანგარიშის მიხედვით, ამერიკული ადმინისტრაცია მზადაა გააუქმოს ირანის 100-მდე მოქალაქისთვის და კომპანიისთვის დაწესებული სანქციებიც. ამავდროულად, ზარიფის ანგარიშის მიხედვით აშშ უარს ამბობს გააუქმოს ერთი ირანული ბანკისთვის და რამდენიმე მეტალის მომპოვებული კომპანიისთვის დაწესებული სანქციები.
ამერიკული მხარე ასევე, უარს ამბობს ე.წ. არაბირთვული სანქციების გაუქმებაზე, რომელიც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობამდე ამოქმედდა, მათ შორის ბალისტიკური რაკეტის პროგრამაზე დაწესებული და ადამიანის უფლებების დარღვევისა და ტერორიზმთან დაკავშირებული სანქციების გაუქმებაზე.
რას თმობს ირანი?
აშშ-ს დათმობების გარდა ზარიფის ანგარიშში საუბარია იმ კომპრომისებზე, რომელზე წასვლაც ირანს მოუწევს. 2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღსადგენად ირანმა უნდა დანერგოს ე.წ. დამატებითი პროტოკოლი, რაც გაეროს სპეციალურ კომისიას უფრო მკაცრი ინპესქციის საშუალებას მისცემს.
ამავდროულად, ირანმა უნდა მოახდინოს არაკის მძიმე წყალზე მომუშავე რეაქტორის რეკონსტრუქცია, ხოლო ურანის გამდიდრების ზედა ზღვარი 3.67%-ზე უნდა შეინარჩუნოს. ამასთანავე ირანმა უარი უნდა თქვეს 300 კილოგრამ ურანზე, რომელიც ამ მაჩვენებელზე უფრო მეტადაა გამდიდრებული.
გარდა ამისა ირანმა უარი უნდა თქვას უახლესი თაობის ცენტრიფუგების გამოყენებაზე და ისინი უნდა დაასაწყობოს. მიუხედავად ამისა, ირანის საკუთრებაში არსებული ცენტრიფუგები კვლავ ირანში დარჩება და კვლავ გაგრძელდება ახალი, უფრო დახვეწილი ცენტრიფუგების შექმნის პროგრამა.
"ირანმა უკვე დაამტკიცა, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ბირთვული პროგრამა უსწრაფესად, პრაქტიკულად ერთ დღეში აღვადგინოთ",- წერია ზარიფის ანგარიშში.
ჯავად ზარიფი ირანის პოლიტიკაში ე.წ. რეფორმატორული ფლანგის პოლიტიკოსად აღიქმება, რომლებიც დასავლეთთან დიპლომატიური მეთოდებით მუშაობას და მოლაპარაკებების პროცესს ემხრობიან. სწორედ მის სახელს უკავშირდება 2015 წელს ობამას ადმინისტრაციასა და ირანს შორის მიღწეული ბირთვული შეთანხმება.
ანგარიშშივე ზარიფი ახალ მთავრობას მოუწოდებს მოლაპარაკებების პროცესში გამოიჩინოს პრაგმატიზმი და წავიდეს კომპრომისებზე. ზარიფის თქმით, არ არსებობს ორივე მხარისთვის იდეალური შეთანხმება, ხოლო "მაქსიმალისტური მიდგომა უკვე მიღწეული პროგრესის დაკარგვას და ისედაც გაწელილ მოლაპარაკებების პროცესს კიდევ უფრო გაახანგრძილევბს.
18 ივნისს ირანში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ე.წ. კონსერვატორული ფლანგის ფავორიტმა ებრაჰიმ რაისიმ გაიმარჯვა. მსგავსი შედეგით დასრულდა 2020 წლის თებერვალში საპარლამენტო არჩევნებიც, რომელშიც კონსერვატორულმა ფლანგმა მყარი უმრავლესობა მოიპოვა.
მოსალოდნელია, რომ რაისის ინაუგურაციის შემდეგ ირანი დასავლეთთან მიმართებაში უფრო ხისტ პოზიციებს დაიკავებს.