ზატულინი: მოსკოვი უკან არ წაიღებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებას

მოსკოვი უკან არ წაიღებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. ამის შესახებ Lenta.ru-სთან დუმაში დსთ-ს საკითხებში კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების შესაძლო აღდგენის შესახებ ცნობაზე.

"ეს შეიძლება იყოს სიმართლე, ან შეიძლება მაინც იყოს მხოლოდ ვარაუდი. ის, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უნდა აღდგეს, განახლდეს, მეჩვენება, ორივე ქვეყნის ორმხრივი ინტერესია," - აღნიშნა ზატულინმა.

ამასთან, დეპუტატმა თქვა, რომ ღია რჩება მთავარი საკითხი: გაითვალისწინებს თუ არა საქართველო იმას, რაც აქამდე აფერხებდა ამ ურთიერთობების აღდგენას, კერძოდ იმას, რომ რუსეთი სეპარატისტულ რესპუბლიკებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს.

"საქართველოში არის და ხანდახან ძლიერდება, ნადირობა რუსეთის თემაზე, იმ ადამიანებზე, ვინც მხარს უჭერდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას ან ეწვია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. და რუსეთში ასეთი ადამიანების დიდი რაოდენობაა, არამარტო პოლიტიკოსები, არამედ რიგითი მოქალაქეებიც, რომლებიც, მაგალითად, აფხაზეთში სულ უფრო და უფრო ხშირად მიემგზავრებიან დასასვენებლად," - განაცხადა მან.

დსთ-ს საკითხებში სახელმწიფო დუმის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვიქტორ ვოდოლაცკიმ გამოცემა Подъём-ს განუცხადა, რომ ქართველებისთვის შესაძლოა "ნაკლებად კომფორტული გახდა ევროპისკენ მიმავალ გზაზე სიარული."

"ყველას კარგად ესმის, რომ რუსეთი სტაბილური პარტნიორია და თანამშრომლობა საქართველოს განვითარების შესაძლებლობას მისცემს. თუ საქართველო ოფიციალურად მოგვმართავს, მაშინ, ბუნებრივია, განვიხილავთ მათ ყველა წინადადებას და მოვახდენთ რატიფიცირებას. ვფიქრობ, იქ არანაირი დაბრკოლება და მოთხოვნები არ უნდა იყოს," - განაცხადა მან.

სახელმწიფო დუმის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, სვეტლანა ჟუროვამ ქართული მედიის ცნობას მოსკოვში საელჩოს შესაძლო გახსნის შესახებ სასიხარულო ამბავი უწოდა. მან Подъём-ს განუცხადა, რომ მოსახლეობას "ამის საჭიროება ნამდვილად აქვს."

11 ივნისს, "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლება მოსკოვთან აქტიურად მუშაობს საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით. ტელევიზიის წყარო ცნობით, მიმდინარეობს თანამშრომლების შერჩევაც.

მსგავსი სიახლეები