ზავის სანაცვლოდ კრემლმა შესაძლოა უკრაინის სამხედრო დახმარების შეჩერება მოითხოვოს
.jpg)
კრემლში უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე მიღწეულ შეთანხმებას მიუღებლად მიიჩნევენ და საპასუხო პირობების წამოყენებას გეგმავენ.
ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg ავრცელებს.
წყაროების ცნობით, სავარაუდოა, რომ პუტინი მაქსიმალურად გააჭიანურებს შეთანხმების მიღწევის ვადებს, რათა მოსკოვს მოლაპარაკებების მაგიდასთან უკეთესი პოზიციები ჰქონდეს.
ამასთანავე კრემლთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი მაღალი ალბათობით დათანხმდება ცეცხლის დროებით შეწყვეტას, თუმცა მანამდე სურს დარწმუნდეს, რომ მისი პოზიციები გათვალისწინებული იქნება საბოლოო შეთანხმებაში.
Bloomberg-ის წყარო გამოცემასთან საუბარში ამბობს, რომ კრემლს ჯერჯერობით არ მიუღია აშშ-ს და უკრაინის შეთანხმების კონკრეტული პარამატრები, თუმცა მიუხედავად ამისა ვაშინგტონის წინადადება რუსეთისთვის მიუღებელია.
წყაროს ცნობით, ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება - დათანხმდება, თუ არა რუსეთი ცეცხლის დროებით შეწყვეტას მიღწეული არ არის და მსჯელობა გრძელდება.
მასალაში ნათქვამია, რომ დროებითი ზავის ერთ-ერთი წინაპირობად რუსეთმა შესაძლოა უკრაინის სამხედრო დახმარების შეჩერება მოითხოვოს.
კონტექსტი
საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გამართულ შეხვედრაზე უკრაინა დათანხმდა ამერიკის შეერთებული შტატების წინადადებას ფრონტის მთელ პერიმეტრზე ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის შესახებ.
ეს თეთრ სახლში გამართული სკანდალური შეხვედრის შემდეგ 2 ქვეყნის დელეგაციების პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო.
მხარეების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაუყოვნებლივ აღდგება უკრაინის სამხედრო და სადაზვერვო დახმარება, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ 28 თებერვლის შემდეგ შეაჩერა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ "ბურთი რუსეთის მოედანზეა და ცეცხლის შეწყვეტაზე მათი მხრიდან უარი მრავლისმეტყველი იქნება."