ზელენსკი: აშშ-ის დახმარება უკრაინას გამარჯვების შანსს მისცემს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ აშშ-ში უკრაინის დახმარების დამტკიცება ქვეყანას ომის მოგების შანსს მისცემს.
ამის შესახებ ზელენსკიმ კვირას NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ეს მხარდაჭერა ნამდვილად გააძლიერებს უკრაინას და შეიარაღებულ ძალებს და ჩვენ გვექნება გამარჯვების შანსი, ოღონდ იმ პირობით, რომ ამ თანხით უკრაინა მიიღებს იმ იარაღს, რომელიც ასე საჭიროა მტრის მოსაგერიებლად. და ისე, რომ ეს დახმარება არ დაიხარჯოს წვრილმანებზე, არამედ ისე, რომ ის მართლაც მივიღოთ იმ იარაღის სახით, რომელიც დღეს არ გვაქვს - ეს არის არტილერია და შორ დისტანციაზე მოქმედი სტრატეგიული იარაღი, ეს არის ის, რაც იყო კანონში - ATACMS. ასევე საჰაერო თავდაცვა, ეს არის პრიორიტეტი." - თქვა მან.
როდესაც სთხოვეს დაესახელებინა უკრაინის ომის სავარაუდო "ორიენტირები დროში," ზელენსკიმ თქვა: "ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის მოვა შესაბამისი იარაღი... ახლა, სტაბილიზაციის შემდეგ, ჩვენ გვაქვს ინიციატივის მოპოვების ყველა შანსი, ამისთვის იარაღი უნდა მივიღოთ. როცა იარაღი გვექნება ხელში, გვექნება ინიციატივა და ჩვენ შევძლებთ წინსვლას."
"იმ მომენტიდან, როდესაც მივიღებთ იმ იარაღს, რომლის შესახებაც გვქონდა შეფასება და მოთხოვნა, ჩვენ შევძლებთ ვისაუბროთ და ვიწინასწარმეტყველოთ ჩვენი ქმედებები უფრო კონკრეტულად," - აღნიშნა მან.
ზელენსკიმ ასევე უპასუხა ბოლოდროინდელ ცნობებს იმის შესახებ, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის არჩევის შემთხვევაში, ის ზეწოლას მოახდენს უკრაინაზე, რომ დათმოს გარკვეული ტერიტორიები ომის დასრულების სანაცვლოდ:
"მე მეომარი სახელმწიფოს პრეზიდენტი ვარ და ნაკლებად მჯერა ჭორების, როცა ტრამპი მოვა უკრაინაში და მეტყვის ომის დასრულების ფორმულას, მაშინ განვიხილავ. მე ჯერ მხოლოდ ერთი რამ ვიცი - არ შეიძლება ენდო პუტინს, რასაც პუტინი ამბობს, ფაქტია, რომ არასოდეს ხდება. ომის დასრულების სტრატეგია არ უნდა ეფუძნებოდეს პუტინს ან მის გარშემო მყოფთა სიტყვებს, არამედ ამ ომის სამართლიანი დასრულების ლოგიკას, როცა უკრაინა დარჩება დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ."