ზელენსკი: ჩვენ არ გვაქვს დაკარგული პოზიციები, რუსებს მხოლოდ დანაკარგები აქვთ
19 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო სარდლობასთან შეტევის კონკრეტული საკითხები განიხილა.
საღამოს ვიდეომიმართვაში მან განაცხადა, რომ ცალ-ცალკე და დეტალურად განიხილეს ეროვნული გვარდიის ახალი ბრიგადებისა და უკრაინელი მესაზღვრეებისთვის ტექნიკის მომზადება და აღჭურვა, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებისთვის თავიანთ დროს ელიან.
"ზოგიერთ რაიონში ჩვენი ჯარისკაცები წინ მიიწევენ, ზოგიერთ რაიონში ისინი იცავენ პოზიციებს და ეწინააღმდეგებიან დამპყრობლების თავდასხმებს და გაძლიერებულ შეტევებს. ჩვენ არ გვაქვს დაკარგული პოზიციები, მხოლოდ გათავისუფლებული. მათ მხოლოდ დანაკარგები აქვთ. და საერთოდ - ზეწოლას ვახორციელებთ, ჩვენი ზეწოლა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გზა გავუხსნათ ჩვენს დროშას. ლურჯ-ყვითელი ფერები იქნება მთელ ჩვენს სამხრეთში და მთელ ჩვენს აღმოსავლეთში. და ბოროტების სახელმწიფოში არ არსებობს ისეთი სიმაგრეები და რეზერვები, რომელიც შეაჩერებს უკრაინას. იმიტომ, რომ ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ და ეს უდიდეს ძალას იძლევა," - განაცხადა ზელენსკიმ.
მან მადლობა გადაუხადა ყველა უკრაინელ სამხედროს, ჯარისკაცებიდან გენერლებამდე, რომლებიც მონაწილეობენ უკრაინის აქტიურ შეტევაში და თავდაცვით მოქმედებებში.