ზელენსკი: დასავლურმა არტილერიამ ძალიან ძლიერად მუშაობა დაიწყო, დამპყრობლების დანაკარგები მხოლოდ გაიზრდება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6 ივლისს, საღამოს, სახელმწიფოს მეთაურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით მიიწევენ წინ.
"საბოლოოდ, ძალიან მძლავრად იგრძნობა ის, რომ დასავლურმა არტილერიამ, იმ იარაღმა, რომელიც ჩვენი პარტნიორებისგან მივიღეთ, დაამტკიცა, რომ ისეთი სიზუსტე აქვს, როგორიც უნდა ჰქონდეს. ჩვენი დამცველები ძალზე ხელშესახებ დარტყმას აყენებენ საწყობებსა და სხვა პუნქტებს, რომლებიც მნიშვნელოვანია დამპყრობლების ლოჯისტიკისთვის. და ეს მნიშვნელოვნად ამცირებს რუსული არმიის შეტევითი პოტენციალს. ოკუპანტების დანაკარგები ყოველ კვირას გაიზრდება, ისევე როგორც მათი მომარაგების სირთულე", - თქვა მან.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით მიიწევენ წინ, მათ შორის სამხრეთით, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რაიონებში.
"ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს მიწას - უკრაინის მთელი სუვერენული ტერიტორია იქნება უკრაინული. ხალხმა უნდა იცოდეს ამის შესახებ. ამიტომ, თუ გაქვთ შესაძლებლობა ესაუბროთ ხალხს ჩვენი სახელმწიფოს სამხრეთში - ხერსონთან, გენიჩესკთან, ბერდიანსკთან, მელიტოპოლთან და სხვა ქალაქებსა თუ სოფლებში - გაავრცელეთ, გთხოვთ სიმართლე თქვით. გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობას ვუთხრათ, რომ გვახსოვს ისინი და ვიბრძვით მათთვის. ჩვენ ვიბრძვით მთელი ჩვენი სამხრეთისთვის, მთელი უკრაინული დონბასისთვის - ახლა ყველაზე სასტიკი დაპირისპირებაა სლავიანსკთან და ბახმუტთანაა. ჩვენ ვიბრძვით ხარკოვის რეგიონისთვის. დაე, ოკუპანტებმა არ იფიქრონ, რომ მათი დრო ამქვეყნად გრძელია და მათი არტილერიის უპირატესობა მარადიულია", - დასძინა მან.