ზელენსკის გამოსვლა გაეროს უშიშროების საბჭოზე | მოკლედ

ქალაქ ბუჩაში განვითარებული ტრაგედია და რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესია იყო ვოლოდიმირ ზელენსკის მთავარი სასაუბრო თემა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებთან მიმართვის დროს. 

უკრაინის პრეზიდენტის ერთ-ერთი წინადადება, საბჭოდან რუსეთის გარიცხვა იყო, რომელსაც მუდმივმოქმედი წევრის სტატუსი აქვს და ვეტოს დადებით სარგებლობს, რის გამოც რეზოლუციის მიღება შეუძლებელია. 

"ქალბატონებო და ბატონებო, მზად ხართ რომ გაერო დახუროთ? საერთაშორისო სამართალი გაუქმდა? თუ პასუხი უარყოფითია, მაშინ დროულად უნდა იმოქმედოთ", - მსმენელებს აქტიური მოქმედებისკენ, ზელენსკი მთელი გამოსვლის განმავლობაში მოუწოდებდა.

მისი თქმით, ქალაქ ბუჩაში რუსმა სამხედროებმა ქალები გააუპატიურეს, საცხოვრებელი შენობები დაანგრიეს, მშვიდობიან მოსახლეობას ტანკებით გადაუარეს და დედები, შვილების თვალწინ დახოცეს:

"მათ ენები მოაჭრეს ადამიანებს, რათა აგრესორებს ის არ გაეგონათ, რისი გაგებაც არ სურდათ." 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუს სამხედროებსა და ტერორისტებს შორის განსხვავება არ არის, მან მაგალითად დაეში მოიყვანა და მოწინააღმდეგის ჯარისკაცები სწორედ მათ შეადარა:

"განსხვავება ის არის, რომ დაეში ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც გარკვეულ ტერიტორიას აკონტროლებს, ხოლო ამ შემთხვევაში, იგივეს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყანა აკეთებს."

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია, საერთაშორისო წესრიგისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რაც კი აქამდე ყოფილა. 

"ჩვენ გვჭირდება სერიოზული მოლაპარაკებები მშვიდობის მისაღწევად, რომელიც გაეროს მიერ დადგენილ პრინციპებზე იქნება დაფუძნებული." - განაცხადა გუტიერეშმა.

შეხვედრის მიმდინარეობისას, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დამსწრეებს ბუჩაში რუსების მიერ განხორციელებული გენოციდის ვიდეო კადრები უჩვენა.

მსგავსი სიახლეები