ზელენსკი: იქნება ახალი ნიურნბერგი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს გამოსვლაში ისაუბრა იმ განსაკუთრებულ ღონისძიებებზე, რომლებიც ქალაქ ბუჩას განთავისუფლების წლისთავზე ჩატარდა.

უკრაინის ლიდერის თქმით, "დღეს მთავარი სიტყვა - სამართლიანობაა."

"სამართლიანობა ჩვენი სახელმწიფოსთვისა, ჩვენი ხალხისთვის, ვინც დაკარგა თავისი საყვარელი ადამიანები, დაკარგა ჯანმრთელობა, სახლი, ნორმალური ცხოვრება რუსული აგრესიის, ოკუპანტის ტერორის გამო" - აღნიშნა მან.

უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ უნდა დაჩქარდეს მუშაობა რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით ტრიბუნალის ჩასატარებლად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ახალი ორდერების გაცემაზე, "სამართლებრივი და სამართლიანი სასჯელისთვის."

"იქნება ახალი ნიურნბერგი", - თქვა ზელენსკიმ.

კონტექსტი

31 მარტს უკრაინაში სლოვაკეთის, ხორვატიის, სლოვენიის და მოლდოვის ლიდერები ჩავიდნენ. ისინი ბუჩას ეწვივნენ და ქალაქის განთავისუფლების წლისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრენ. მათ რუსი ოკუპანტების მიერ განსაკუთრებული სისასტიკით მოკლულ ადამიანებს პატივი მიაგეს.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ინტერვენციის შემდეგ, კიევის რეგიონის ბუჩა, ირპენი, გოსტომელი და სხვა დასახლებები ინტენსიური ბრძოლის ზონად იქცა.

რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებულ ქალაქებში მასობრივი ომის დანაშაულები ჩაიდინეს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ: ძარცვა, ფიზიკური ძალადობა, ადამიანების, მათ შორის ბავშვების გატაცება და მკვლელობა.

2 აპრილს კიევის რეგიონი რუსი დამპყრობლებისგან განთავისუფლდა. დეოკუპაციის შემდეგ ცნობილი გახდა მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტისა და ოკუპანტების სისასტიკის შესახებ, რამაც მსოფლიო შოკში ჩააგდო. რეგიონის დასახლებებში, მათ შორის ბუჩაში, მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრები იპოვეს.

მსგავსი სიახლეები