ზელენსკი კონტრიერიშზე: სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ უკან არ ვიხევთ

უკრაინის პრეზიდენტმა აღიარა, რომ გასული თვეების განმავლობაში წამოწყებული კონტრიერიშის ფარგლებში უკრაინამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ЗСУ არ იხევს უკან და უკრაინას ჭირდება სამხედრო წარმოების გაზრდაში დახმარება. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამის შესახებ Asociated Press-თან ინტერვიუში განაცხადა

"ნახეთ როგორი ვითარებაა - როდესაც ჩვენ არ ვიხევთ მე კმაყოფილი ვარ, ჩვენ მსოფლიოს მეორე არმიას ვებრძვით, მე კმაყოფილი ვარ. როდესაც ჩვენ ვკარგავთ ადამიანებს მე კმაყოფილი არ ვარ. ჩვენ არ მივიღეთ შეიარაღება რომელიც გვსურდა, მე უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ზედმეტი წუწუნიც არ შემიძლია",- ამბობს უკრაინელი პრეზიდენტი.

ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინას არ ჰყოფნის ძალები ვითარების სწრაფად შესაცვლელად, მაგრამ დასძენს, რომ ეს არ ნიშნავს დანებებას. 

"ჩვენ უფრო სწრაფი შედეგი გვსურდა. ამ თვალსაზრისით სამწუხაროდ ჩვენ ვერ მივაღწიეთ სასურველს, ეს ფაქტია",- განაცხადა ზელენსკიმ. 

ამასთანავე უკრაინელი პრეზიდენტის თქმით საჭიროა მომავალზე ფოკუსირება - ზელენსკი ამბობს, რომ ერთ-ერთი გამოსავალი უკრაინაში სამხედრო წარმოების გაზრდაა, რისთვისაც დასავლელი პარტნიორების ფინანსური დახმარება იქნება საჭირო. 

კონტექსტი 

ნოემბრის დასაწყისში The Economist-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსეთთან დაპირისპირებამ პოზიციური და გამოფიტვის ხასიათი მიიღო, რაც მეომარი მხარეების ტექნოლოგიური პარიტეტით არის განპირობებული. 

ამავე ნომერში გამოვიდა ვალერი ზალუჟნის სტატია, რომელშიც უკრაინელი გენერალი გარდატეხისთვის საჭირო რეფორმებსა და ცვლილებებზე საუბრობს. ზალუჟნის თქმით, ბრძოლის ველზე ვითარების გარდატეხისთვის აუცილებელია რუსეთის საჰაერო დომინაციის შემცირება, რადიო-ელექტრონული ბრძოლის სისტემების გაუმჯობესება. 

მსგავსი სიახლეები