ზელენსკი: მინდა მჯეროდეს, რომ დასავლეთი რუსეთთან ჩვენ გარეშე არ შეთანხმდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ დასავლელი პარტნიორების მიერ უკრაინის თემაზე რუსეთთან შეთანხმების შესაძლებლობა გამორიცხული არ არის, თუმცა, ქვეყნის მომავალზე გადაწყვეტილება კიევში მიიღება. ამის შესახებ მან 16 თებერვალს, "ეროვნული ერთიანობის" დღესთან დაკავშირებულ ტელემარათონზე განაცხადა.
"მე მჯერა, რომ დიპლომატიის საერთო ხმამ და ერთობლივმა ზეწოლამ იმოქმედა. 100%-ით ვერ ვიტყვი, მაგრამ მინდა დავიჯერო, რომ დასავლეთი რუსეთთან ჩვენ გარეშე რაღაცაზე არ შეთანხმდა. ამის მჯერა, თუმცა განსხვავებული სიგნალებია.
ეს არ არის ის დრო, როცა უბრალოდ სიგნალების უნდა გვჯეროდეს. ჩვენ მტკიცებულება გვჭირდება. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ გვეშინია იმ მცირე შეთანხმებებისაც კი, რომლებიც შეიძლება ჩვენს ზურგს უკან შედგეს, რადგან მსოფლიო ლიდერების უმეტესობა ჩვენს პოზიციას იზიარებს, რადგან ჩვენი პოზიციის უკან სიმართლე დგას", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის შესახებ ყველა გადაწყვეტილების მიმღები თავად უკრაინა და უკრაინული საზოგადოებაა.
"აბსოლუტური დარწმუნებით ვერ გეტყვით, რომ ცალკეულ ლიდერებს არ აქვთ საუბარი რუსეთის ფედერაციასთან და არ ფიქრობენ მომავალზე და მომავალში მათ როლზე. ვიღაცას სურს ვიღაცას ასიამოვნოს. ამას შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს, მაგრამ უკრაინის შესახებ ყველა გადაწყვეტილება მიიღება უკრაინაში და სწორედ ამიტომ ჩამოდიან უკრაინაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ლიდერები და პარტნიორები." - აღნიშნა ზელენსკიმ.