ზელენსკი ნიდერლანდელი ულტრამემარჯვენეების ლიდერს, ვილდერსს შეხვდა
იტალიაში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდების ულტრამემარჯვენე "თავისუფლების" პარტიის ლიდერს, ხეერტ ვილდერსს შეხვდა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა განაცხადა.
ზელენსკი ვილდერსს ამბროსეტის ფორუმის ფარგლებში შეხვდა, სადაც მანამდე იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის შეხვდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვილდერსთან შეხვედრაზე მადლობა გადაუხადა ნიდერლანდებს და ქვეყნის მოსახლეობას უკრაინისთვის გაწეული დახმარებისთვის და კონკრეტულად აღნიშნა ნიდერლანდების წვლილი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში.
"სახელმწიფოს მეთაურმა ინფორმაცია მიაწოდა უკრაინაში უსაფრთხოების ვითარებასა და გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე ისაუბრა უკრაინის ძალისხმევაზე სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის აღდგენის მიზნით. კერძოდ, საუბარი შეეხო პირველი სამშვიდობო სამიტის შედეგებზე დაფუძნებული "მშვიდობის ფორმულის" განხორციელების პროცესს და მეორე სამიტისთვის მზადებას," - ნათქვამია კომუნიკეში.
ვილდერსის "თავისუფლების პარტია," რომელიც ეწინააღმდეგებოდა უკრაინის შემდგომ სამხედრო დახმარებას, ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე პირველ ადგილზე გავიდა და სამთავრობო კოალიციაშია.
თუმცა, საბოლოოდ, მთავრობის ფორმირებისთვის ვილდერსმა პრემიერობაზე უარი თქვა და უკრაინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობები, როგორიცაა საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი, სხვა პოლიტიკურმა ძალებმა მიიღეს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დიკ სხოფი, ნიდერლანდების დაზვერვის ყოფილი უფროსი, არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის.
ამ კვირაში პრემიერ-მინისტრი დიკ სხოფი უკრაინაში ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გაემგზავრა ზაპორიჟიეში. ვიზიტის დროს მან 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების დახმარების პაკეტი გამოაცხადა.