ზელენსკი: რუსეთი ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტს ამზადებს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი სავარაუდოდ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერორისტული თავდასხმისთვის ემზადება.
"ჩვენი დაზვერვისა და უკრაინის უშიშროების სამსახურისგან ახლახან მივიღეთ მოხსენება. დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია, რომ რუსეთი განიხილავს ტერორისტული თავდასხმის სცენარს ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე - ტერორისტული თავდასხმა რადიაციის გამოყოფით. მათ ამისთვის ყველაფერი მოამზადეს." - თქვა მან.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რადიაცია არ ცნობს სახელმწიფო საზღვრებს და "ვისთან მივა, მხოლოდ ქარის მიმართულებით განისაზღვრება."
ზელენსკის თქმით, უკრაინა ყველა არსებულ ინფორმაციას და ყველა მტკიცებულებას გადასცემს პარტნიორებს ევროპაში, ამერიკაში, ჩინეთში, ბრაზილიაში, ინდოეთში, არაბულ სამყაროში და აფრიკაში.
"არასოდეს არ უნდა მოხდეს ტერორისტული თავდასხმები ატომურ ელექტროსადგურებზე, სადმე. ამჯერად არ უნდა განმეორდეს ის, რაც კახოვკას შემთხვევაში მოხდა: მსოფლიო გაფრთხილებულია, რაც ნიშნავს, რომ მსოფლიოს შეუძლია და უნდა იმოქმედოს," - შეაჯამა უკრაინის პრეზიდენტმა.
20 ივნისს უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქების ან უბედური შემთხვევის საფრთხე არსებობს, რადგან დამპყრობლებმა გამაგრილებელი დამატებით დანაღმეს.