ზელენსკი: რუსეთი ირანს სამხედრო დახმარებას სთხოვს, ეს გაკოტრების აღიარებაა
რუსეთის მიმართვა ირანისადმი სამხედრო დახმარების თაობაზე მის "სამხედრო-პოლიტიკურ გაკოტრებაზე" მოწმობს. ამის შესახებ 18 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"უნდა გვახსოვდეს ის ფაქტი, რომ რუსეთმა ირანს მიმართა დახმარებისთვის, ეს არის კრემლის სამხედრო-პოლიტიკური გაკოტრების აღიარება. ათწლეულების განმავლობაში ისინი მილიარდობით დოლარს ხარჯავდნენ თავიანთ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე და ბოლოს ქედს იხრიან თეირანის წინაშე საკმაოდ მარტივი დრონების და რაკეტების მისაღებად", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, სტრატეგიულად ეს არანაირად არ დაეხმარება რუსეთს.
"ეს მსოფლიოს მხოლოდ უმტკიცებს, რომ რუსეთი წაგების ტრაექტორიაზეა და ცდილობს ტერორში სხვის ჩათრევას. ჩვენ აუცილებლად გავცემთ ამას საერთაშორისო პასუხს. მაგრამ ახლა, ტაქტიკურ დონეზე, ირანული დრონების წყალობით ტერორისტებს მაინც შეუძლიათ ჰქონდეთ იმედი, რაღაც გათვლები, ახალი ილუზიები. ეს გეგმები ისე განადგურდება, როგორც მათი წინა გეგმები", - განაცხადა ზელენსკიმ.