ზელენსკი: რუსეთმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ხელყო
რუსეთის ფედერაციის უახლესი ქმედებები - ე.წ. ლუჰანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება - უკრაინის მიერ კვალიფიცირდება, როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლადიმირ ზელენსკიმ 22 თებერვალს, ღამით, მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"ჩვენ და ჩვენს სახელმწიფოს არ გვაქვს დრო ისტორიაზე ხანგრძლივი ლექციებისთვის, ამიტომ წარსულზე არ ვისაუბრებ. ვისაუბრებ რეალობაზე და მომავალზე. ჩემს უკან არის უკრაინა [რუკა პრეზიდენტის უკან], მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ეს ასე დარჩებიან, მიუხედავად რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი განცხადებებისა და ქმედებებისა. ისევე, როგორც ჩვენ ვრჩებით მშვიდად და თავდაჯერებულად", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა "დიდი ხანია ყველაფრისთვის მზად არის".
”მაგრამ არ არსებობს მიზეზი თქვენი უძილო ღამისთვის”, - თქვა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის განცხადებით, დღეს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა გაიმართა.
"უკრაინა რუსეთის ფედერაციის ბოლო ქმედებებს ცალსახად აფასებს, როგორც ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას. ყველა პასუხისმგებლობა ამ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებულ შედეგებზე ეკისრება რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. დონეცკისა და ლჰანსკის ოკუპირებული რეგიონების "დამოუკიდებლობის" აღიარება შეიძლება ნიშნავდეს რუსეთის ფედერაციის ცალმხრივ გამოსვლას მინსკის შეთანხმებებიდან და ნორმანდიის ფორმატში არსებული გადაწყვეტილებების იგნორირებას. ეს ძირს უთხრის სამშვიდობო ძალისხმევას და ანადგურებს არსებულ მოლაპარაკების ფორმატებს. დღევანდელი და ხვალინდელი შესაძლო გადაწყვეტილებებით რუსეთი დააკანონებს თავის ჯარებს, რომლებიც ფაქტობრივად იმყოფებოდნენ დონბასის ოკუპირებულ რაიონებში 2014 წლიდან. ქვეყანა, რომელიც რვა წლის განმავლობაში მხარს უჭერდა ომს, ვერ შეინარჩუნებს მშვიდობას, როგორც ის აცხადებს," - თქვა მან.
ასევე, ზელენსკის თქმით, ის იყო გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევისა და ეუთოს საგანგებო სხდომის ინიციატორი.