ზელენსკი: სი ძინფინგთან საუბარი ძლიერ ბიძგს მისცემს ჩვენი ურთიერთობების განვითარებას

უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ პირველად, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩინეთის ლიდერ სი ძინფინგს ესაუბრა. ამის შესახებ ზელენსკი Twitter-ზე წერს.

"მქონდა ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგთან. მჯერა, რომ ეს საუბარი, ისევე როგორც ჩინეთში უკრაინის ელჩის დანიშვნა, ძლიერ ბიძგს მისცემს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას." - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

კონტექსტი

13 მარტს The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სი ძინფინგი პრეზიდენტ ზელენსკისთან საუბარს გეგმავს. გამოცემის წყაროებმა აღნიშნეს, რომ სის საუბარი ზელენსკისთან, ჩინეთის ლიდერის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ შედგებოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 22 მარტს გამოაცხადა, რომ უკრაინა ზელენსკისა და სი ძინფინგს შორის დიალოგს დაიწყებდა, მაგრამ არის გარკვეული სირთულეები ჩინეთის პოზიციის გამო.

29 მარტს AP-თან ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ სი ძინფინგს უკრაინაში ელოდება.

უკრაინის ლიდერი აცხადებდა, რომ სი ძინფინგი ერთ-ერთია იმ მსოფლიო ლიდერებს შორის, რომელიც კვლავ ყოყმანობს უკრაინის მხარდაჭერას. მან აღნიშნა, რომ უკრაინა კვლავ აგზავნის სიგნალებს "შეხვედრისთვის, განხილვისთვის, საუბრისთვის" მზადყოფნის შესახებ და ელოდება პასუხს.

6 აპრილს, ჩინეთის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ სი ძინფინგი მზადაა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბროს.

მსგავსი სიახლეები