ზელენსკი: უკრაინას უკვე გარანტირებულად აქვს Patriot-ის 3 ბატარეა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საჰაერო სივრცის დასაცავად უკრაინას უკვე გარანტირებული აქვს Patriot-ის 3 ბატარეა. 

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა. 

"ზუსტად დღეს ნიდერლანდების პრემიერისგან, მარკ რიუტესგან მნიშვნელოვანი ამბავი გავიგეთ, რომელიც ჩვენი შორის არსებული მოლაპარაკებების გაგრძელებაა. უკრაინა Patriot-ის კიდევ ერთ ბატარეას მიიღებს. შესაბამისად უკვე გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 3 ბატარეას მივიღებთ. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია, ვმუშაობთ ახალ გადაწყვეტებზე, ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემის გასაძლიერებლად",- თქვა ზელენსკიმ. 

კონტექსტი

ზელენსკიმ მიმართვამდე ცოტა ხნით ადრე, ნიდერლანდების პრემიერმა განაცხადა, რომ ნიდერლანდები შეუერთდებოდა გერმანიასა და აშშ-ს და უკრაინას Patriot-ის სისტემებს გადასცემდა. 

თავის მხრივ რიუტეს განცხადებას წინ უძღოდა საუბარი მარკ რიუტესა და ჯო ბაიდენს შორის. 

უკრაინა დასავლური წარმოების თავდაცვის სისტემებს ფართომასშტაბიანი ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ითხოვდა - გასული თვეების განმავლობაში უკრაინამ დასავლური წარმოების რამდენიმე სისტემა მიიღო, თუმცა Patriot მათ შორის ტექნოლოგიურად ყველაზე მოწინავე და დახვეწილი სისტემაა. 

ამ ტიპის შეიარაღების გადაცემის შესახებ გავრცელებული ხმები ოფიციალურად ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში გამართული ვიზიტის დროს დადასტურდა. აქედან მალევე, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანიისგან დახმარების ახალ პაკეტში უკრაინა Marder-ებთან ერთად Patriot-ის 1 ბატარეასაც მიიღებდა. 

მსგავსი სიახლეები