ზელენსკი: უკრაინელმა სამხედროებმა ბოლო 24 საათში 6 დასახლება გაათავისუფლეს
ბოლო 24 საათში უკრაინის თავდაცვის ძალებმა კიდევ ექვსი დასახლება გაათავისუფლეს რუსი დამპყრობლებისგან, ჯამში უკვე დეოკუპირებულია 1015 ქალაქი და სოფელი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 13 მაისს თავის მიმართვაში განაცხადა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ დეოკუპირებული ტერიტორიების აღდგენის პროცესი გრძელდება - ბრუნდება ელექტროენერგია, წყალმომარაგება, კომუნიკაციები, ტრანსპორტი და სოციალური სერვისები.
"ეს მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვახსოვს ყველა ქალაქი და ყველა თემი, რომელიც ჯერ კიდევ ოკუპირებულია. ხერსონი, მელიტოპოლი, ბერდიანსკი, ენერგოდარი, მარიუპოლი და დონბასის ყველა ქალაქი და დაბა... ხარკოვის ოლქის თანდათანობით განთავისუფლება მოწმობს, რომ მტრის წინაშე არავის მივატოვებთ", - აღნიშნა მან.
კონკრეტულად სად გათავისუფლდა ექვსი დასახლებული პუნქტი, პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია. ამის შესახებ არ იყო ნათქვამი უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 13 მაისის 18:00 საათზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.