ზელენსკიმ იანუკოვიჩის ეპოქის მაღალჩინოსნებს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაქცეული ექს-პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის დროინდელი სამინისტროების და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს, ასევე რამდენიმე დაბალი დონის პირს, უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.
ამ ინფორმაციას 4 თებერვალს, უმაღლეს რადაში პარტია "ხალხის მსახურის" ფრაქციის ხელმძღვანელი დავით არახამია Telegram-ზე ავრცელებს.
"ზელენსკიმ მოღალატეებს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, რომლებიც იანუკოვიჩის რეჟიმის ერთ-ერთი საყრდენი იყვნენ. [...] შემდეგი ნაბიჯი იქნება მათთვის სანქციების დაწესება, დაპატიმრება და სახელმწიფოს სასარგებლოდ მათი მთელი ქონების ჩამორთმევა, კორპორატიული უფლებებისა და სხვა აქტივების ჩამორთმევა." - წერს ის.
არახამიამ აღნიშნა, რომ უკრაინის მოქალაქეობა დაკარგეს:
- ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტალი ზახარჩენკომ;
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ალექსანდრ იაკიმენკომ;
- განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი ტაბაჩნიკმა;
- შემოსავლების ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრ კლიმენკომ;
- უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ანდრეი კლიუევმა.
РБК-Украина-მ и УНИАН-მა, წყაროებზე დაყრდნობით, დაასახელეს კიდევ ხუთი ადამიანი, რომლებსაც ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა:
- ოდესის საქალაქო საბჭოს დეპუტატი, უკრაინაში აკრძალული ვიქტორ მედვედჩუკის პარტია "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის" წევრი, ვიქტორ ბარანსკი;
- ხარკოვის საოლქო საბჭოს დეპუტატი, უკრაინაში აკრძალული ვიქტორ მედვედჩუკის პარტია "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის" წევრი, ნიკიტა შენცევი;
- "ოკუპანტი და კოლაბორაციონისტი" ალექსანდრ გორბილევი;
- დონეცკის ოლქის მკვიდრი ბოგდან კლიუევი;
- დონეცკის რეგიონის მკვიდრი ვიტალი სლაბა.
აღნიშნული პირებისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძველი, მათ მიერ რუსული პასპორტის ქონაა.