ზელენსკიმ კონგრესს მოუწოდა უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსება დაამტკიცოს
კაპიტოლიუმში ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მათ მოუწოდა უკრაინისთვის დამატებითი დახმარება დაამტკიცონ.
ამის შესახებ სენატში დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა.
შუმერმა უარი თქვა კონგრესის წევრებთან ზელენსკის შეხვედრის დეტალებზე საუბარზე და ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემაზე.
"იყო ერთი წინადადება, რომელიც აჯამებდა (ჩვენს საუბარს - რედ.) და მე მას სიტყვასიტყვით გავიმეორებ. ბატონმა ზელენსკიმ თქვა: "თუ დახმარებას არ მივიღებთ, ომს წავაგებთ." - თქვა დემოკრატმა სენატორმა.
ამავდროულად, აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარემ კევინ მაკარტიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას არ შეუცვლია თავისი პოზიცია და არ დაუჭერს მხარს უკრაინისთვის 24 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის დამტკიცებას და მოითხოვს, რომ თეთრმა სახლმა მეტი გააკეთოს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველად.
"მე მზად ვარ განვიხილო ეს (უკრაინის დახმარება - რედ.), მაგრამ თუ პრეზიდენტი მხოლოდ ამაზე გაამახვილებს ყურადღებას, მაშინ ის იმ ფაქტს უგულებელყოფს, რომ 10 ათასმა ადამიანმა გადაკვეთა ახლახან საზღვარი." - ციტირებს CNN მაკარტის.
მან იმავდროულად დაამატა, რომ ზელენსკის არაერთი შეკითხვა დაუსვა და მასთან საუბარი იყო "კარგი და პროდუქტიული."
კონგრესში შეხვედრების შემდეგ, ზელენსკი თეთრ სახლში ჯო ბაიდენს უნდა შეხვდეს, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი აშშ-ს სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს.
ეს ზელენსკის მეორე ვიზიტია ვაშინგტონში უკრაინაში 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. აშშ-ის კონგრესი სწორედ მისი ვიზიტისას განიხილავს თეთრი სახლის მოთხოვნას უკრაინისთვის 24 მილიარდი დოლარის დამატებითი დახმარების გამოყოფაზე.