ზელენსკიმ ოდესაზე თავდასხმის ფონზე, პარტნიორები შიდა თამაშებისა და უთანხმოებისთვის გააკრიტიკა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინისთვის იარაღისა და საჰაერო თავდაცვის მიწოდების შეფერხება იწვევს მსხვერპლს, მათ შორის ბავშვების.
ამის შესახებ პრეზიდენტმა საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"მსოფლიომ იცის, რა შეიძლება დაუპირისპირდეს ტერორს. მსოფლიოს აქვს საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები "შაჰედებისგან" და რაკეტებისგან დასაცავად. და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეფერხება, სამწუხაროდ, ასეთ დანაკარგებს (როგორც შაბათს ღამით ოდესაში - რედ.) იწვევს. იმ ბავშვების სია, რომლებსაც სიცოცხლეს რუსეთი ართმევს, მუდმივად იზრდება.
უკრაინელთა სიცოცხლის დასაცავად საჭიროზე მეტს არაფერს ვითხოვთ. და როდესაც სიცოცხლე იკარგება და პარტნიორებს უბრალოდ აქვთ შიდა პოლიტიკური თამაშები ან დავები, რომლებიც ასუსტებს ჩვენს თავდაცვას, ამის გაგება შეუძლებელია. ამის დათანხმება შეუძლებელია. და მისი დავიწყება შეუძლებელი იქნება - მსოფლიო გაიხსენებს ამას." - თქვა მან.
ზელენსკიმ დეტალები ოდესაში, მაღალსართულიან კორპუსზე ირანული დრონების თავდასხმის შედეგად დაღუპული და დაშავებული ბავშვების შესახებ ისაუბრა.
"ამ დროისთვის ცნობილია შვიდი ადამიანის გარდაცვალების შესახებ, მათ შორის ორი ბავშვი. ერთ-ერთი ოთხი თვისაა, ტიმოფეი ერქვა. და ბიჭი - მარკი, ბავშვი ჯერ არ არის სამი წლის... რვა ადამიანი დაშავდა - კიდევ ერთი ბავშვი, სამი წლის, გოგონა," - განაცხადა მან.
პრეზიდენტის თქმით, სამხედრო სამიზნე არ არის და არ შეიძლება იყოს "შაჰედის" დრონების მსგავს თავდასხმებში.
"ეს არის ტერორი, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი, გაანადგუროს სიცოცხლე და დააშინოს ხალხი," - თქვა მან.
შაბათს ღამით, ოდესაში რუსეთის "შაჰედების" თავდასხმის გამო მაღალსართულიანი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. თავდასხმის შედეგად შენობაში 18 ბინა განადგურდა და კიდევ 7 დაზიანდა. დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.